დღეს, შაბათს, დაახლოებით 13:00 საათიდან, “გურია ნიუსის” ოზურგეთის ბიუროს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანია “სილქნეტმა” ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოტივის გარეშე, კონკრეტულად იმ კორპუსში, მხოლოდ იმ სადარბაზოში, სადაც ჩვენი ოფისშია განთავსებული, სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაიწყო!
კომპანია “სილქნეტის” წარმომადგენელმა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ დავალება თბილისიდან მიიღო და კომპანიის მითითებას ასრულებდა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ “სარემონტო სამუშაოები რამდენიმე, მინიმუმ, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდეს”.
კომპანია “სილქნეტის” ადგილობრივ, ოზურგეთის ბიუროში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს დასვენების დღეა. სავარაუდოდ, ამავე მიზეზით მათთან დაკავშირება კიდევ ორი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
“გურია ნიუსი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, უქმე დღეს ამ მოულოდნელი, დაუგეგმავი და მხოლოდ კონკრეტული, ლოკალური ადგილას სარემონტო სამუშაოების დაწყების მიზეზი გაერკვია.
“გურია ნიუსი” რამდენჯერმე დაუკავშირდა “სილქნეტის” საინფორმაციო სამსახურს, რომლის წარმომადგენლებიც ვერ ასახელებენ დაზიანების ვერც კონკრეტულ მიზეზს და ვერც სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადას.
“უახლოეს პერიდში” , _ ასე პასუხობენ ისინი ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. დაახლოებით დღის 16:00 საათზე, მუშამ, რომელიც, მისივე თქმით, “თბილისის დავალებას” ასრულებდა, გვითხრა, რომ “თბილისში გადარეკა” და შეფერხების საათნახევარში აღმოფხვრას შეგვპირდა; ანალოგიური შეპირება მივიღეთ თბილისის ოფისიდანაც, თუმცა, “გურია ნიუსის” ოზურგეთის ოფისს ინტერნეტი ამ დრომდე არ მიეწოდება.
“გურია ნიუსის” რედაქცია “სილქნეთისგან” მოითხოვს დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას შეფერხება; წინააღმდეგ შემთხვევაში, დადასტურდება ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ქმედება მიმართულია ჩვენი მედიასაშუალების წინააღმდეგ, მითYუმეტეს, საარჩევნო დღეებში, როცა ინფორმაციის მიმართ, საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.