მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 6 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ წელს მეხუთედ გაიმართება.
“მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საქართველოში 7 000 მონაწილე დარეგისტრირდება. გარბენში მონაწილეობას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიღებენ.
მიხეილ გიორგაძე: “მსოფლიო რბენა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა და ცხადია მნიშვნელოვნად სცდება სპორტის, ერთი კონკრეტული შეჯიბრების მასშტაბებს. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველო ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მეხუთედ ჩაერთვება და მსოფლიოს სპორტული საზოგადოების ეპიცენტრში მოექცევა. შთამბეჭდავია იმ ადამიანების როდენობა (7 000), რომლებიც ლოპოტას ხეობაში გასამართ გარბენში მიიღებენ მონაწილეობას და ამ მართლაც საშურ საქმეში თავის მცირედ წვლილს შეიტანენ. განსაკუთრებით მახარებს ჩვენი სახელოვანი და ტიტულოვანი სპორტსმენების აქტიურობა და ჩართულობა. ეს ადამიანები გულშემატკივრებს, რიგით მოქალაქეებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევენ. კარგად მოგეხსენებათ, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მასობრივი სპორტის განვითარებაა, მსგავსი ღონისძიებები კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განაპირობებს, სწორედ ამიტომ სამინისტრო რჩება მსოფლიო რბენის უმთავრეს მხარდამჭერად. მსურს პროექტში მონაწილე თითოეულ მონაწილეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო. მიხარია, რომ მეც ამ გარბენის მონაწილე და გულშემატკივარი გახლავართ“, _ ეს განცხადება დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩები ესწრებოდნენ.
მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ 4 კვირიან კურსს. 2018 წელს საქართველოში ირბენენ: საქართველოს გამარჯვებული გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული ჯოანა ზაკრუსკი (52,26კმ) და 2016 წლის კახეთის გამარჯვებული იანა ხმელევა (34,95კმ).
საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით უზრუნველყოფს.
Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძვრება, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს-35 კმ/ს განავითარებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.მსოფლიო რბენა „ფინიშის მანქანით“ მხოლოდ 13 ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის, საქართველოში. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება.