პოლიციელები უბნის კარებთან იდგნენ. ჩვენს შეკითხვაზე, თუ ვისგან შევიდა შეტყობინება საპატრულო პოლიციაში, გვპასუხობენ, რომ შეტყობინება ოზურგეთის საოლქო კომისიიდან შევიდა. საოლქოდან შესული შეტყობინებით, როგორც პატრულის თანამშრომლები ამბობენ, მათ უთხრეს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი უბანზე, გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდა. „გურია ნიუსთან“ საუბარში პატრულის თანამშრომელი ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ეს ცრუ განგაში იყო საოლქო კომისიის მხრიდან“.
თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი ამბობს, რომ პატრულის გამოძახება უბანზე უცხოელი დამკვირვებლის ცუდად გახდომამ გამოიწვია.
_ უბანზე უცხოელი დამკვირვებელი გახდა ცუდად, გარეთ კი ბევრი ადამიანი იდგა და ჩოჩქოლი იყო; ამიტომ, დამკვირვებლის უსაფრთხოების მიზნით, პატრული გამოვიძახეთ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ წუთებშიც საპატრულო პოლიცია უბანზე ჯერ კიდევ რჩება.