დუისის გამგებელმა, ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მერაბ ქავთარაშვილმა დამარცხება ხმების დათვლის შემდეგ აღიარა და განაცხადა, რომ ასეთ შედეგს არ ელოდა.
“არ მეგონა, თუ ხმის მისაცემად მოკლული პანკისელი ბიჭების მშობლები მოვიდოდნენ. მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო მოსვლა მათმა ნათესავ-მეგობრებმა, 200-300 ხმა სწორედ ამ მოკლული ბიჭების სანათესაოდან მიიღო ზვიადაურმა,” – განაცხადა ქავთარაშვილმა “გურია ნიუსთან“ საუბარში.
ლოპოტას ხეობაში მოკლული ასლან მარგოშვილის მშობლები #5 საარჩევნო უბანზე დაახლოებით საღამოს 7 საათისათვის გამოცხადნენ, მათ ხმის მისაცემად მოიყვანეს ასლანის ღრმად მოხუცებული პაპა-ბებია. საერთოდ, საარჩევნო უბნის დაკეტვამდე 1 საათით ადრე, როდესაც შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, დუისელებმა უბანზე ისეთი ადამიანებიც მოიყვანეს, რომლებიც წლების განმავლობაში საწოლიდან არ ამდგარან.
“ბებიაჩემის რეგისტრაცია დავაგვიანეთ და გადასატანი ყუთის სიაში არ მოხვდა, ეხლა ვხვდებით, რომ შეიძლება ერთმა ხმამ გადაწყვიტოს ზვიადაურის ბედი; ამიტომაც, ბებიაჩემი ლოგინიდან ავაყენე და არჩევნებზე მიმყავს,” _ გვეუბნება ადგილობრივი ახალგაზრდა და ხელში აყვანილი ბებია საარჩევნო კაბინამდე მიჰყავს.
ამომრჩეველთა აქტივობამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ტელევიზიით # 5 უბანზე გაურკვეველი სიების აღმოჩენის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოსახლეობა ეჭვობდა, რომ მმართველი პარტია ხმებს გააყალბებდა და ამიტომ, შედეგების საბოლოო დაფიქსირებამდე მორიგეობდა უბნის გარეთ.
“მე ცნობილი გამყალბებელი ვარ,” – გვეუბნება კომისიის ერთ-ერთი წევრი. „რაც კი არჩევნები ჩატარებულა პანკისში, ყველა ჩემი დახმარებით გაყალბდა. მაგრამ ამ არჩევნებზე სხვა სიტუაცია შეიქმნა. თავიდან, კომისიის 11 წევრიდან მხოლოდ 2 უჭერდა მხარს ოპოზიციას; ჩვენი ბიჭების ლოპოტაში ჩახოცვის მერე კიდევ ოთხი გადავიდა ოპოზიციაში; პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ კი, მივედი ხელმძღვანელობასთან და პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემი იმედი ნუ ექნებოდათ. მე ამ არჩევნებზე ხმებს არ გავაყალბებდი, ჩემს ხალხს მომავალს არ წავართმევდი,” _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბარში საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვაჰაბიტების, ასევე ქისტი ახალგაზრდების აქტივობა, რომლებიც საარჩევნო უბნის გახსნიდან ღამის 12 საათამდე ქუჩაში იდგნენ და მზად იყვნენ ნებისმიერი ინციდენტის აღმოსაფხვრელად. მათი განცხადებით ისინი საარჩევნო ყუთს იცავდნენ და არავის მისცემდნენ მისი გატაცების ან დაზიანების უფლებას.
დუისის # 5 უბანზე ბოლო ამომრჩეველი დაახლოებით 100 წლის მოხუცი იყო. ოჯახის წევრებმა ის ზუსტად 8 საათზე მოიყვანეს, თუმცა მოხუცი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ოთახის სიმცირის გამო, საარჩევნო კომისიას 3 ჯერ დასჭირდა სასწრაფოს გამოძახება და გულწასული ამომრჩევლის მოსულიერება.
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, პანკისის ხეობის სამივე უბანზე ქართული ოცნების მაჟორიტარმა ზვიადაურმა დამაჯერებლად დაამარცხა ცისკარიშვილი.
# 5 უბანი: ზურაბ ზვიადაური – 415 ხმა; პეტრე ციკარიშვილი -163;
#26 უბანი : ზვიადაური – 359; ცისკარიშვილი – 267;
#23 უბანი: ზვიადაური -531; ცისკარიშვილი -179.
ბოლო ამომრჩეველი დუისის საარჩევნო უბანზე
დუისის საარჩევნო უბანი
ზვიადაური დუისში