ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი ხათუნა შარაძე:
_ ვადასტურებთ იმას, რომ სოფელ ძიმითიდან მოსულები იყვნენ მოქალაქეები, ნანა და მარინა პატიეშვილები. ნანა პატიეშვილი ითხოვდა მენეჯერის თანამდებობას, სოფელ ძიმითის ბაღის მენეჯერის, ნაზიბროლა ხინთიბიძის გადადგომას და ამ ადგილას თავის კანდიდატურას ასახელებდა. ხოლო მარინა პატიეშვილი უბრალოდ ბაღში დასაქმებას, მას რაიმე კონკტეტული ადგილი არ მოუთხოვია. ხმამაღალი სიტყვებით ამბობდნენ, რომ ძალიან დიდი ხანია, გარკვეული წლებია, უსამსახუროდ არიან და დასაქმება ჭირდებოდათ. თავდაპირველად, აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ მინდა ამ ფაქტს მიეცეს სხვანაირი ინტერპრეტანცია, თორემ აბსოლიტურად გულწრფელად გეტყვით, რომ შეგვამკეს კაი უწმაწური სიტყვებითაც. ჯერ იყვნენ აგრესიულები, მერე ამბობდნენ, გაღიზიანებულები ვართ და ბოდიშიო.
მე ვერ შევაფასებ ამ სიტუაციას, ან რატომ უნდა შევაფასო, ეს არის პოლიტიკოსების საქმე და იმ ადამიანების, ვინც კომპეტენტურები არიან, მე უბრალოდ შემიძლია ფაქტი დაგიდასტურო. ჩვენ ავუხსენით ამ ადამიანებს შეძლებისდაგვარად, რომ მათ შეუძლიათ დაწერონ განცხადება. ქალბატონ ნანას ჰქონდა პრეტენზია, რომ სკოლაშიც მუშაობდა და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, მან თქვა, რომ ის პოლიტიკური მოსაზრების გამო გაათავისუფლეს, _ აცხადებს პრესსამსახური.
ცენტრის თანამშრომელი ნათია გოკიელი: “ამ ქალბატონებმა უსინდისოები გვიძახა, მე ვუთხარი, _ ქალბატონო, თქვენი ასეთი საქციელით და უწმაწური სიტყვების ძახილით პრეტენზია გაქვთ, ბაღში დასაქმებაზე თქო? თქვენ ბავშვები უნდა აღზარდოთ-მეთქი? ვუთხარი, _ ქალბატონო, რა დაგიშავეთ, უსინდისოს რომ მეძახით მეთქი? მერე ბოდიში მოგვიხადეს.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მარინა პატიეშვილს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო მარინა, სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში აცხადებენ, რომ თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ თანამშრომლებს, აგრესიულობით გამოირჩეოდით და დასაქმებას ამ ფორმით ითხოვდით…
_ მე ვითხოვდი უბრალოდ სამართალს. დიდი ხანია, უკვე სამი წელია, განცხადება მაქვს დაწერილი, ვითხოვ სამსახურს. ეს იცოდა მაკა ჭყონიამ და ყველა კომპეტენტურმა პირმა, მაგრამ ამ საარჩევნოდ დანიშნეს სხვა, გუბერნატორის ნათესავი. მე ვითხოვდი სამართალს, რომ ჩემთვისაც სასწრაფოდ გაერკვიათ რამე, ამათმა მითხრეს, რომ თქვენ განცხადებაში არ გქონდათ მითითებული ძიძის ადგილიო. რა მნიშვნელობა აქვს მაგას, სხვა ადგილი ხომ იყო? მე მინდა უბრალოდ დასაქმება. ჩუმად, ამ საარჩევნოდ მოაწყვეს და დანიშნეს სხვა. აგრესიული ვიყავი იმიტომ, რომ სამართალს ვითხოვდი. მე აუცილებლად გავასაჩივრებ ამას, არ გავჩერდები, საჩივარი მაქვს გამზადებული და შემაქვს სასამართლოში. ბაღების ცენტრის უფროსის ზემდგომი არის საკრებულოს თავმჯდომარე და გუბერნატორი. არ ვიცი, კონკრეტულად ვის სახელზე შევიტან საჩივარს, მივედი დღეს და ადგილზე არავინ იყო. დავიღალე სამი წელია პატარა ბავშვივით აქეთ-იქეთ ნასიარულები, დღეს ხვალ და მატყუებდნენ ამდენი ხანი. ყველა წელიწადს ახალ-ახალი თანამშრომლები მიიღეს. სულ ინიშნება ხელისუფლების ახლობლები, მე ვარ დევნილი და აქ არანაირი ნათესავი არ გამაჩნია, ამის გამო უნდა დავიჩაგრო? მე ვინ დამიდგება გვერდით?, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” მარინე პატეიშვილმა.



























































