ერთი წელი, ორი წელი, მაგრამ რამდენი ხანი შეიძლებოდა კიდევ? ვერავინ ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, იმიტომ რომ მართლა საშიში იყო. მე ამ სისტემას თავით შევეჯახე და უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ვინც გაიგებს ამ ყველაფერ, გაიგებს, ვინც არა და ვერავის ავუხსნი…” _ აცხადებს “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ლადო ბედუკაძე, რომლის სახელი მთელი ქვეყნისთვის ციხის ვიდეოების გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი.
_ აქ მე ვკითხულობ კომენტარებს ჩემზე, _ სად იყო ამდენი ხანი, ამდენი ხანი რატომ არ თქვა, ეგეც ჯალათია, ეგეც აწამებდაო… ამაზრზენია ეს ყველაფერი…
2003 წლიდან, მიხეილ სააკაშვილს ახალი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდოდა საქართველოში, რა ექსპერიმენტებიც ციხეებში ტარდებოდა, იგივეს გადმოტანა უნდოდა ქუჩაში. ასეთი უპრეცედენტო ფაქტები, რაც საქართველოს ციხეებში ხდებოდა, ძნელად წარმოსადგენია. მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, ერთი არგენტინაში, მეორე გუანტანამოს ციხეში და მესამე _ საქართველოში.
_ თქვენ თავს სისტემის მსხვერპლად თვლით?
_ ყველა სისტემის მსხვერპლია, ვინც იქ მუშაობს. 4500 ადამიანი მუშაობდა სისტემაში და 500-მდე ადმინისტრაციაში. ყველა სისტემის მსხვერპლია. თუ ციხეში მუშაობდი, შენი ნდობის ხარისხი უფროსობის თვალში იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, როგორ ურტყამდი პატიმარს. თუ ამას არ იზამდი, მტრად აღგიქვამდნენ.
პატიმარს უყურებდნენ როგორც ძაღლს, არარაობას და როგორც კი შემოვიდოდა ციხეში, იქ მთავრდებოდა მისი ყველანაირი უფლება. ის სათამაშო იყო სისტემის ხელში. იგივე მდგომარეობაში არიან თანამშრომლები. იმ კაცმა, ციხის უფროსმა, თავი მოიკლა, იქ წასვლას რომ დათანხმდა.
_ ვისზე ამბობთ, ვინ მოიკლა თავი?
_ გიორგი ტუღუშმა, მაგ სისტემის უფროსობას რომ დათანხმდა, სისულელე გააკეთა. მაგით თავი დაისამარა.
_ როგორ ფიქრობთ, გიორგი ტუღუშმა არ იცოდა, ციხეებში რა ჯოჯოხეთიც ტრიალებდა?
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, არ იცოდა? 400-ზე მეტი ვიზიტი აქვს ტუღუშს წელიწადში ციხეში გაკეთებული, ნახეთ მაგის მოხსენებები 2011-2012 წლებში. 2 წელიწადში 800 ვიზიტი და ბოლოს 15 ივნისს იყო შემოსული. რას აკეთებდა ამ ვიზიტების დროს და რას უყურებდა? როცა 15 ივნისს აცხადებს, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ პატიმრებს თანამშრომლების მიმართ და ზუსტად ორ კვირაში ირკვევა, რომ რაღაც საშინელებები ხდებოდა, არ იცოდა ეს ყველაფერი? ან ინიციალებით რომ ასახელებს, არ იცის ის ფაცაცია ვინ იყო? ფაცაცია იყო ცნობილი ჯალათი. (საუბარია ოლეგ ფაცაციაზე, გლდანის მე-8 საპყრობი უსაფრთხოების რეჟიმის განყოფილების უფროსზე, რომელიც ამჯერად დაკავებულია) ერთი პატიმარი არ არის გლდანის მე-8 საპყრობილეში, მაგას ნაწამები რომ არ ჰყავდეს, მნიშვნელობა არ ჰქონდა ასაკს, ეროვნებას, შეხედულებას, მუხლს, ყველას აწამებდა და ამით ტკბებოდა, _ აცხადებს ლადო ბედუკაძე.
ინტერვიუს ვრცელ ვარიანტს მალე შემოგთავაზებთ.