ეკა დავითაძის განცხადებით, ვარშალომიძეს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია: “ჩემი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარეს განცხადება არ დაუწერია. ეს არის იურიდიული პროცედურა. დღეს ჰქონდა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა ანუ ჩვეულებრივად ასრულებს თავის მოვალეობას,” – აცხადებს ეკა დავითაძე.
კანონმდებლობის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომაზე აჭარის მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება უჩერდება და საკონონმდებლო ორგანომ, პრეზიდენტის წარდგინებით, ახალი მთავრობის თავმჯდომარე უნდა დანიშნოს. თუკი უმაღლესი საბჭო ორჯერ ზედიზედ უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნაზე, პრეზიდენტს აქვს უფლება აქვს დაითხოვოს უმაღლესი საბჭო.
ლევან ვარშალომიძე საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2004 წლის 5 მაისს დაინიშნა.
2004 წლის 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ. ამ თანამდებობას ვარშალომიძე დღემდე ინარჩუნებს.