გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი გურამ ჩანტლაძე ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს, მისი განცხადებით, ის მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს.
_ ბატონო გურამ, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ განცხადება დაწერეთ სამსახურიდან წასვლის შესახებ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ თქვენ ალბათ არ გაგიგიათ, ქალბატონი ეკა ზღულაძე რომ მინისტრად დაინიშნა? ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა? ჭორებს რატომ უსმენთ? ან მე განცხადება რისთვის უნდა დამეწერა?
_ მე არ გეუბნებით იმას, რომ თქვენ განცხადება უნდა დაგეწერათ, არც ის ვიცი დაწერეთ თუ არა, უბრალოდ ინფორმაცია პირადად თქვენთან გადავამოწმეთ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს.
_ კი, ბატონო, სწორად მირეკავთ და გიპასუხებთ, რომ ეს არის ჭორი, გურამ ჩანტლაძე ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მათ შორის გურიის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა და ასევე ყველა სამხარეო სტრუქტურა. ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ვემსახურებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ჩვენ კანონით არ გვაქვს იმის უფლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვწეროთ განცხადებები და თანამდებობები დავტოვოთ იმის გულისთვის, რომ უმრავლესობა ხმით პარლამენტში შევიდა რომელიმე პარტია. ჩვენ ეს არ გვეხება, ჩვენი სისტემა აპოლიტიკურია, არ ვერევით პოლიტიკაში, პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ შიდა დაპირისპირებები, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ჯერ ფეხზე დგას.
“გურია ნიუსი” კუდ-ის გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსს ვანო ბარამიძეს დაუკავშირდა, რომელიც ინფორმაცია, რომ განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, არ ადასტურებს.
_ ტყუილია ქალბატონო, პირველად თქვენგან მესმის. სხვა რამე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ პრესსამსახურს მიმართოთ, _ გვითხრა ბარამიძემ.





























































