საღამოს 6 საათზე დათა და ბაჩო ახალაიებს პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს. წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ, ძმები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასხდნენ. თვითმხილველები ამბობენ, პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები ახალაიები გენერალური შტაბის მე-9 სართულზე, ბაჩო ახალაიას ე. წ. აპარტამენტში ცხოვრობდნენ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, გამოცხადებული იყო ე.წ. ყაზარმული. არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციას უკავშირდებოდა, მერე თქვეს, რომ საარჩევნო პროცესს. როდესაც არჩევნები დამთავრდა და ყაზარმული კვლავაც არ მოიხსნა, ბევრ თანამშრომელს გაუჩნდა შეკითხვა, რატომ არ გვიშვებდნენ სახლებში. ბაჩო და დათა ახალაიები რამდენჯერმე გამოჩნდნენ თავდაცვის სამინისტროში. როგორც ირკვევა, ისინი უსაფრთხოების მიზნით აქ გადმობარგდნენ და 1000-ზე მეტი თანამშრომელი სწორედ მათ უსაფრთხოებას ვიცავდით”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
“ბაჩო ახალაია თავდაცის სამინისტროში 3 ოქტომბერს ღამის 9 საათზე გამოჩნდა, მისი მისვლიდან მოკლე ხანში სამინისტროს ეზო სამთავრობო ჯიპებით აივსო. 3 საათის შემდეგ ჯიპებმა სამინისტროდან აეროპორტში გადაინაცვლეს. სავარაუდოდ, მათ სამინისტროდან ახალაიების ნივთები და ფული გაიტანეს”, _ ამბობს წყარო.
“გურია ნიუსმა” ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო პოდრჟებსკაისთან გადაამოწმა. მან არც უარყო და არც დაადასტურა ახალაიას სამსახურიდან და ქვეყნიდან გასვლა:
„არაფერი ვიცი, არ ვფლობ ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამისად ვერ დავადასტურებ იმას, რაზეც არ მაქვს ინფორმაცია,” _ განაცხადა პოდრჟებსკაიამ “გურია ნიუსთან” საუბარში.


































































