მეგის ქარდავა ერთ-ერთი იმ პოლიციელთაგანია, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.ის ახალაიების ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი და დათა და ბაჩო ახალაიების ბავშვობის მეგობარია..
„მეგის ქარდავა სულით ჯალათია და სწორედ ამ დამსახურების გამო აწინაურებდნენ მას. მაგ „ღირსებით“ იყო დაფასებული და ხან პოლიციის უფროსად ნიშნავდნენ, ხან მინისტრის მოადგილედ და ყველგან სადაც ჭირდებოდათ,“ _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ პატიმართა წამების თვითმხილველი, ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ციხის სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გაიცნო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ყოფნის პერიოდში, ქარდავას სახელს უკავშირდება ყველაზე სკანდალური საქმეები სამეგრელოში. იმ პერიოდში, როცა ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, მეგის ქარდავა მე-7 საპყრობილის დირექტორად დანიშნა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პატიმართა განსაკუთრებული წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა ციხეებში.
მისი სახელი სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის შესული. ერთი წლის წინ, 2011 წლის 22 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა მალხაზ არქანიამ სკანდალური ჩვენება მისცა, სადაც იგი აღწერდა, როგორ შევიდა მეგის ქარდავა მე-8 საპყრობილეში, როგორ შეაჭამა პატიმარს მის მიერ დაწერილი ჩვენება და სადისტურად აწამა იგი.































































