ყოფილი “მოქალაქეთა კავშირელი”, შემდგომ აბრეშუმის გზის მეხოტბე და ბოლო დროს “ნაციონალი” ოსეფაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
არსებული ინფორმაციით, ოსეფაიშვილის პარტიიდან წამოსვლის მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციონერობა არ სურს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელი, ყოველთვის ახერხებს ნავიდან ნავში გადასვლას, მისი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.
როგორც გვითხრეს, ოსეფაიშვილის მსგავსად “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია გოგუაძემ. გოგუაძე “ნაციონალურ მოძრაობამდე” “მოქალაქეთა კავშირში” იყო და ის გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილს ლანჩუთში არ უშვებდა და ამის დამადასტურებელი კადრები “გურია ნიუსმა“ დიდი ხნის წინ გაავრცელა. გია გოგუაძე ამბობს, რომ პარტია არ დაუტოვებია.
პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” საუბრისას გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილიც უარყოფს. ყოფილი “მემარჯვენე” და შემდგომში “ნაციონალი” ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გურიის გუბერნატორია
_ ბატონო ვალერი, ოპოზიციონერი გუბერნატორი ბრძანდებით?
_ დაგირეკავთ მოგვიანებით, _ როგორც ყოველთვის, ჩვეული ხერხით სცადა პასუხისთვის თავის აცილება ვალერი ჩიტაიშვილმა.