გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება რევანშისთვის ემზადება და არ არის გამორიცხული, სწორედ ეს შეხვედრები ამას ეხებოდეს, მაგრამ ამ ინფორმაციას, არც გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ადასტურებს და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი.
მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და სოფლის განვითარების პროგრამების შესახებ ჰქონდა საუბარი: _ რამდენიმე რწმუნებულთან გვქონდა შეხვედრა. გამგეობა ჩვეულებრივად მუშაობს, სოფლის განვითარების პროგრამები დაწყებულია და უნდა დასრულდეს, ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა რწმუნებულებთან.
_ წესით, პროექტები უკვე დამთავრებული უნდა იყოს.
_ არა, ყველა არა. ეს პროექტები მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში.
_ ბატონო მიხეილ, ორი დღის წინ გამგეობაში შედგა შეხვედრა, სადაც შვებულებაში გასული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე გამგეობის სამსახურის უფროსებს და თანამშრომლებს შეხვდა.
_ არ ვიცი ამის შესახებ, არ ვყოფილვარ მაგ დროს სამსახურში, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლელა ნაცვალაძის თქმით, ორი დღეა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამსახურის თანამშრომლებს ხვდებიან და ეს მხოლოდ ოზურგეთში არ ხდება.
_ ზუსტად არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ამ თათბირებს აუცილებლად ექნება თავისი მიზანი და ამოცანები. ასევე, ნაცმოძრაობის კოორდინატორებიც შეიმჩნევიან გამგეობის შენობაში, არ არის გამორიცხული, რომ ზოგს კოორდინატორობისთვის მისაცემი ხელფასი არ ჰქონდეს აღებული და ამასთან დაკავშირებით იყოს შეხვედრები.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ადასტურებს, რომ ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს გიორგი გოგუაძეს შეხვდა და მსგავს შეხვედრებში ის პრობლემას ვერ ხედავს:
_ რატომ გაგიკვირდათ ეს შეხვედრები? აქამდე არ იყო?
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გოგუაძე ისევ გამგებლად ბრუნდება. შეხვედრაზე იყო საუბარი საკადრო ცვლილებებზე?
_ მითხარი კითხვა და გაგცემ პასუხს.
_ გეკითხებით საკადრო ცვლილებებზე.
_ საკადრო ცვლილებებას არ ეხებოდა ეს შეხვედრა.
_ და, რას ეხებოდა?
_ ბევრ სხვა საკითხს, საკადრო ცვლილებებს _ ნამდვილად არა, _ გვითხრა ვალერი ჩიტაიშვილმა.
“გურია ნიუსი” “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს კოტე შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ დღეებში გახშირდა თათბირები და შეხვედრები: _ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა არის ლეგიტიმური. ამ ეტაპზე, გუბერნატორი, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი უფლებამოსილნი არიან თავიანთ თანამშრომლებს შეხვდნენ. უნდათ, შეხვდებიან და უნდათ _ არ შეხვდებიან, რა ვიცი, აბა _ რაც უნდათ ის ქნან. ყველაფერი გადაწყდება თბილისში, როდესაც მოხდება საქმიანი შეხვედრები და ქუთაისში, როდესაც გადახურავენ პარლამენტის შენობას, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.