“მე ნაციონალური მოძრაობის წევრი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიყავი სოფელ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც წარმადგინა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მე ვტოვებ მმართველ გუნდს და ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ფრაქციის შექმნას საკრებულოში,” _ გვითხრა ლევან ნინიძემ.
_ბატონო ლევან, ვინ იქნება კიდევ თქვენთან ერთად?
_ ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ დავით მდინარაძე იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მოიძებნება ისეთი ადამიანები, ვინც ჩვენს გვერდით დადგებიან და რომლებსაც განსხავებული აზრი ექნებათ.
_ რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?
_ ეს გადაწყვეტილება დღეს მიღებული ნამდვილად არ არის _ ეს დიდი ხნის ფიქრის შედეგია, თუმცა, ასე საჯაროდ ახლა ვაცხადებ თქვენთან. სადაც არის დღეს ქართველი კაცი, იქ ვარ მეც. მე როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, მიმაჩნია, რომ ჩემს სოფელში, სადაც 75 პროცენტი აიღო “ქართლმა ოცნებამ”, მე ამ პოლიტიკური ძალის გვერდით უნდა ვიდგე. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ყვარყვარე თუთაბერის პერსონაჟის გადაწყვეტილებას არ ჰგავს _ ეს მაჟორიტარი დეპუტატის გადაწყვეტილებაა, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ნინიძე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა, მმართველი გუნდი კიდევ ერთმა წევრმა _ დავით მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა.