“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ბახვში, ყოფილ ჩაის ფაბრიკის ავარიულ ბინებში, სადაც ქალბატონი ლინა 5 ობოლ შვილიშვილს მარტო ზრდიდა, უბედურ შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ალესორიანის მეზობლები ამბობენ, ბიჭი ბინის მეორე სართულზე ადიოდა და კიბეზე ფეხი დაუცურდა. ლინა ალესორიანმა კი შვილიშვილი მხოლოდ დღეს ნახა გარდაცვლილი.
“გურია ნიუსი” რამდენჯერმე წერდა, რომ ბებია და შვილიშვილი მეტად მძიმე სიტუაციაში ცხოვრობდნენ, მათ ბინაში წყალი ჩამოდიოდა და მოხუცი ქალბატონი ხელისუფლებას დახმარებას ხშირად თხოვდა. ხელისუფლებას ხმა რომ ვერ მიაწვდინა, 1 ოქტომბრის არჩევნებზე მან საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, საარჩევნო ყუთში წერილი ჩააგდო. აი, რა ეწერა წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მისამართით იყო დაწერილი: “ბოდიში, ჩემო სააკაშვილო, ვცხოვრობ ღია ცის ქვეშ, ჭერი ცელოფანით მაქვს დახურული… ჩემი სახლი, ტელევიზორში მთელმა სამყარომ ნახა, სად არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ. მე 73 წლის ვარ და ვზრდი 5 ობოლს, თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ასე რომ, არავის არ ვჭირდები… სოფელი ბახვი. ალესორიანი ლიანა, 1 ოქტომბერი; ვისაც ეს წერილი ხელში ჩაუვარდება, შეუძლია გამოაგზავნოს კომისია და დარწმუნდეს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა”.