გუშინ ყველასთვის საყვარელ შემსრულებლებს ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
ანსამბლი “რუსთავი” გურული მაყურებლის წინაშე საკმაოდ დატვირთული საკონცერტო პროგრამით წარსდგა. კონცერტის კულმინაცია კი ანსამბლ “რუსთავისა” და ადგილობრივი ლოტბარების: ტრისტან და ზურაბ სიხარულიძეების, ასევე, ამირან გოლიაძის ერთობლივად შესრულებული “ხასანბეგურა” იყო.
კონცერტმა სრული ანშლაგით, მაყურებელთა მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი “რუსთავი” პირველად იყო გურიაში და მაყურებელთა ოვაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარუშლელი კვალიც დატოვა.
ანსამბლის დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის თქმით, ფოლკლორის სამშობლოში, იქ სადაც ყველა ცეკვავს და მღერის, მაყურებლის წინაშე წარდგენა არც ისე იოლი იყო.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის ტიფო მიქატაძის განცხადებით ანზორ ერქომაიშვილმა ულამაზესი საღამო აჩუქა ოზურგეთს: _ მომეჩვენა, რომ ანსამბლი „რუსთავის“ კონცერტით ოზურგეთელმა ანზორ ერქომაიშვილმა პატივი მიაგო გამარჯვებულ ოზურგეთს, თავისუფლების მოყვარულ და ღირსებით სავსე ქალაქს და ვფიქრობ, სიყვარულთან ერთად, ასეთი ფორმით მიესალმა და სოლიდარობა დაუდასტურა ოზურგეთელთა არჩევანს. მე, როგორც რიგითი ოზურგეთელი და როგორც ბატონ ანზორ ერქომაიშვილის პოლიტიკური კონკურენტი 2008 წლის არჩევნებში, მივესალმები მის ჯანსა და მოქალაქეობრივ პოზიციას და ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ.
აღსანიშნავია, რომ ის ადგილები სადაც თეატრში აქამდე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იყო გამოყოფილი, დღეს უკვე „კოალიცია ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები იკავებდნენ.