უცვლელად გთავაზობთ “თელასის” თანამშრომლების კოლექტიურ განცხადებას, რომლითაც “ქართული ოცნებისთვის” მიმართვას აპირებენ:
“მდგომარეობა გვაიძულებს მოგმართოთ თქვენ და გთხოვთ, დაგვიცვათ იმ უკანონობისგან, რაც ჩვენ შეგვემთხვა და გაგვიწიოთ დახმარება ჩვენი უფლებების დაცვაში. მოკლედ მოგახსენებთ საქმის არსს: ვმუშაობდით სს “თელასში” წლების მანძილზე, კეთილსინდისიერად და პატიოსნად. 2012 წლის 20 ივნისს, სს. “თელასში” შეიცვალა დირექცია, რომელიც გადმოვიდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან, რის შემდეგ დაიწყო თანამშრომლების უმიზეზოდ, ეტაპობრივი გათავისუფლება. კერძოდ, ზოგიერთ ბიზნეს-ცენტრების მენეჯერებს დაავალეს, რომ ყველა თანამშრომელს და მათ შორის თვითონაც დაეწერა განცხადება თარიღის დასმის გარეშე სამსახურიდან პირადი სურვილით გათავისუფლების თაობაზე ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. იმ მიზეზის გამო, რომ ვიცოდით არსებული ხელისუფლების პირობებში კანონი არ დაგვიცავდა, ჩვენ იძულებულები გავხდით დაგვეწერა განცხადებები, რასაც რამდენიმე დღეში მოჰყვა ჩვენი გათავისუფლება. ჩვენს ადგილზე კი ეგრევე დანიშნეს პირები, რომლებსაც ენერგეტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ გავხდით არსებული ხელისუფლების უკანონობის მსხვერპლნი, შეილახა ჩვენი უფლებები, დაგვტოვეს უმუშევრები. მსგავსს სიტუაციაში რამდენიმე ათეული თანამშრომელია. ამიტომ, გთხოვთ დახმარებას ჩვენს სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით” _ ნათქვამია განცხადებაში.