ზაზა სოფრომაძე თვლის, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გამოსაძიებელი, ვიდრე მისი დაკავება და ის ზემოქმედება, რომელსაც მის თანამშრომლებზე ახორციელებდნენ. მიუხედავად მისი თხოვნისა, ამ თემაზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაგვეკეთებინა, “გურია ნიუსი” თვლის, რომ ეს საქმეც, ისევე როგორც დანარჩენი სხვა, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
შანტაჟი, მუქარა, ადამიანების უკანონო დაკითხვები და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემის იძულება, _ ასეთი გახლდათ ზაზა სოფრომაძის პროკურატურაში დაბარების პრეისტორია.
2012 წლის 27 ივლისს, გამთენიისას, ზაზა სოფრომაძე დააკავეს. დაახლოებით 4 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ათეული პოლიციელი ზაზა სოფრომაძის ბინაში შეიჭრა და იგი ახსნა-განმარტების გარეშე აიყვანა.
დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ 6-7 საათის შემდეგ გახდა ცნობილი; მოგვიანებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს.
ზაზა სოფრომაძის დაკითხვის დეტალები და რეალური მიზეზები არ ხმაურდებოდა, თუმცა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ აქტივობას რომ უკავშირდებოდა, ფაქტი იყო.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი არჩევნებს, წყალტუბოს და აკაკი ბობოხიძეს უკავშირდებოდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, რეიტინგების მიხედვით, ზაზა სოფრომაძეს წყალტუბოში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. გაჩნდა შიში იმისა, რომ აკაკი ბობოხიძეს სერიოზული კონკურენტი ეყოლებოდა; ამიტომ, საჭირო იყო ზაზა სოფრომაძის თავიდან მოშორება. არქივიდან გაიტანეს ყველა დოკუმენტი, რომელიც მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდა.
ამ ფაქტებზე ექსკლუზიურად “გურია ნიუსისთვის” კომენტარებს თავად ზაზა სოფრომაძე აკეთებს.
_ პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თურმე არაფერი აქვთ ჩემთან სადავო. მოწმის სტატუსით რაზეც ვიყავი დაბარებული, თურმე არც ეს ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესებს. მითხრეს, რომ ყველაფერი იხურება. ბუნებრივია, აქედანაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. თუმცა, მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო – ნებისმიერ დროს მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო ჩემი საქმიანობის შესახებ. სხვათა შორის, თუ ვინმეს მართლა გაუჩნდება სურვილი იმ ცნობილი გახმაურებული საქმის დეტალების გაცნობის შესახებ, მართლაც ძალიან ბევრ საინტერესო მასალას ნახავს და მეც დიდი სიამოვნებით დავეხმარები ამ მასალების შესწავლაში.
_ 2004-2006 წლებში თქვენ იყავით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი. 2006 წელს, ფინანსურმა პოლიციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო დაგაკავათ. როდესაც მეორედ დაგიბარეს მოწმის სტატუსით, ისევ ამ საქმეზე გეკითხებოდნენ?
_ არა. ერთ-ერთ ტენდერზე იყო საუბარი. ოღონდ იმდენად უაზრო იყო ეს ყველაფერი, ცხადია, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. შეფარვით მინიშნებები იყო გაკეთებული, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა პოლიტიკურ აქტიურობას და პირდაპირ რომ ვთქვათ, წყალტუბოში მაჟორიტარად ჩემი კანდიდატურის შესაძლო წარდგენას.
მე გასაგებად განვაცხადე, რომ ჩვენი პარტია არ მონაწილეობდა არჩევნებში და “ქართულ ოცნებას” ჰყავდა თავისი ღირსეული კანდიდატი.
_ ჩვენი ინფორმაციით, წყალტუბოში თქვენ საკმაოდ მაღალი რეიტინგი გქონდათ, რამაც “ნაცმოძრაობის” კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე საფრთხის წინაშე დააყენა. როგორც წყარომ გაგვიცხადა, თქვენი “განეიტრალება” სწორედ მისი მოთხოვნა იყო.
_ მეც ვიცი ამ რეიტინგების შესახებ. ვიცი, რომ, ფაქტობრივად, უალტერნატივო ვიყავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენმა პარტიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ვარ და ამიტომ, არ მქონდა უფლება, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. რა თქმა უნდა, ის ქვეტექსტები, რაზეც თქვენ საუბრობთ, არსებობს და ერთგვარი პრევენცია იყო მთელი ეს შოუ იმისთვის, რომ სახელი ჰქონოდა ნაციონალების კანდიდატს.
_ ბატონო ზაზა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში იყვნენ შესულები და თქვენი მოღვაწეობის დროინდელ საბუთებს ათვალიერებდნენ, რომ როგორმე რამე აღმოეჩინათ.
_ ხომ ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი?!
_ როდესაც საბუთებში დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, ჩვენი წყაროს თქმით, რომელიც საქმეში კარგადაა ჩახედული, ამბობს, რომ თქვენი ყოფილი თანამშრომლები დაიბარეს; მათ შორის ყოფილი მოადგილეები და ითხოვდნენ, თქვენს წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ კი. კი… დაახლოებით 15-მდე ჩემი თანამშრომელი ჰყავდათ დაბარებული. დაბარებული კი არა, სახლიდან მოტაცებული! მათ შორის ჩემი სამმართველოს ყოფილი მოადგილეები. მაგრამ არც აქ გაუმართლათ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მართლა ვერავინ იტყოდა იმას, თითქოს ვინმეს გადაწყვეტილების მიღება დავაძალე ან არაკანონიერი ქმედება ჩავიდინე. ეს ხალხი კაბინეტში ჰყავდათ ჩაკეტილი და ეუბნებოდნენ, ზაზა სოფრომაძის წინააღმდეგ ჩვენებას თუ არ მოგვცემთ, დაგიჭერთო. როდესაც ჰკითხეს, _ კი მაგრამ, რა საფუძვლით უნდა დაგვიჭიროთო, სასაცილოდ არ ეყოთ, მაგას რა უნდაო. ამის შემდეგ დაიწყეს სხვაგვარი მოქმედება.
_ მართლა ითხოვდნენ თქვენგან, რომ კანდიდატების დასახელების ვადის ამოწურვამდე საქართველო დაგეტოვებინათ?
_ ჰო. უნდოდათ ასეთი რაღაცეები. რასაც თქვენ ამბობთ, თითონ უშუალოდ არ უთქვამთ, მაგრამ ჩემი ნაცნობის მეშვეობით, მეც მომწვდა ყურს ასეთი რაღაც…
როდესაც დაკითხვების დროს ნახეს, რომ არანაირი ხელმოსაკიდი და ობიექტური საფუძველი არ გააჩნდათ, ძალიან ფრთხილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდათ.
_ რეგიონებში სოციალური დახმარების გაცემა არჩევნების შემდეგ შეწყვეტილია. როგორი იყო ეს სისტემა, ხელოვნურად ზრდიდნენ სოციალური დახმარების ფონდს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად?
_ მოდით პირდაპირ დავარქვათ სახელი: ეს იყო მათი ფონდი, _ “ნაციონალური მოძრაობის”. ბუნებრივია, ცუდი არაფერია იმაში, თუ სოციალური ფონდისთვის რაღაც რესურსებს გამოყოფ და ადამიანებს დაეხმარები. მაგრამ, როდესაც ეს პოლიტიკური ნიშნით კეთდება და ამის სანაცვლოდ არჩევნებში მხარდაჭერას ითხოვ, ეს არის ამორალური.
შემიძლია გითხრათ, რომ უმწეოების ბაზაში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია მოხვედრილი, რომელსაც არ ეკუთვნის უმწეოთა დახმარებისა და დაზღვევის მიღება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთგული იყო, იღებდა. უფრო უარესს გეტყვით; ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს დახმარება, მაგრამ ოპოზიციურად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ამოიღეს ამ ბაზიდან. ამოიღეს ისეთი ოჯახები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება.
_ კახა ბენდუქიძე სკეპტიკურად უყურებს ხელფასებისა და პენსიების მომატებას და ყველგან ამბობს ამას. თქვენც ფიქრობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, პენსიების მომატება შეუძლებელია?
_ მე ერთხელ განვაცხადე, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება ასეთი განცხადებები აკეთონ. თვითონ როგორ აპირებდნენ ამის გაკეთებას, დაპირებებში ასეთი გულუხვები რომ იყვნენ?!
ვფიქრობ, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, არის რესურსი იმისა, რომ პენსიები საგრძნობლად გაიზარდოს. აბსოლუტურად სწორ აქცენტებს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პენსიების ზრდის კუთხით, ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის შემოღებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოსახლეობა. სწორია მისი მიდგომა შრომის კოდექსისა და საავადმყოფოების პრივატიზაციასთან დაკავშირებით.
ეს არის სწორი აქცენტები და ამას სჭირდება რეალიზაცია, მაგრამ ახალ მინისტრს ძალიან რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის მთელი პროექტები კერძო სექტორშია გადასროლილი და ახლა ამის მთლიანი ცვლილება უნდა მოხდეს. აქ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო, რადგან ამ კომპანიების ფინანსური სტაბილურობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების შესრულებაზე. ამ პროგრამების ამოღება, თავისთავად, გამოიწვევს იქ დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია, მაგრამ აქცენტები აბსოლუტურად სწორია. რა თქმა უნდა, ჩვენისთანა ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამების კოორდინაცია, მენეჯმენტი და შესრულება, კონკრეტულად სახელმწიფოს უნდა ევალებოდეს მკაცრი კონტროლით.