ოჯახი ამ დრომდე უარყოფს გვამების ჩამოსვენებას, თუმცა, დუისში არიან თვითმხილველები, რომლებმაც შავი ცელოფნის პარკებში ჩადებული ცხედრები სასაფლაოზე აიტანეს.
21 წლის ჩეჩენი ეროვნების სალამ ზაურბეკოვი დუისში ავსტრიიდან ჩავიდა, სადაც ის მშობლებთან ერთად ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა. დუისელებმა ზაურბეკოვი სპეცოპერაციის დროს მოკლული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილთან ერთად, ბაირამობის დღესასწაულზე ნახეს. ასლან ზაურბეკოვი ერთ-ერთი იყო იმ ვაჰაბიტ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ქართული სპეცსამსახურების დახმარებით საქართველოში ჩამოვიდა. ზაურბეკოვი ერთხანს დუისში მამიდის ოჯახში ცხოვრობდა, შემდეგ კი სახლიდან მოულოდნელად წავიდა
შვილის ვაჰაბიტებთან კავშირი ზაურბეკოვის მშობლებს არ გამოპარვიათ და მას დუისში ჩამოაკითხეს. ”მშობლების ჩამოსვლა რომ გაიგო, ბიჭი დაიმალა. ზოგი ამბობს, ვაჰაბიტებმა არ მისცეს მათი ნახვის უფლებაო. თუმცა, ოჯახი თვლის, რომ სალამმა თვითონ თქვა უარი დედასთან შეხვედრაზე,
დედა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, შვილის ავსტრიაში წაყვანა უნდოდა, თუმცა, სალამთან დაკავშირება ვერ შეძლო. ბოლოს, სალამ ზაურბეკოვი დუისში მყოფ დედას სკაიპით დაელაპარაკა. დედამ მას დაუჩოქა და სთხოვა მშობლებს გაჰყოლოდა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ, მშობლები იძულებულები გახდნენ, სახლში შვილის გარეშე დაბრუნებულიყვნენ,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბარში მათი ოჯახის ნათესავი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ზაურბეკოვის მშობლებს წუხელ გვიან ღამით გადასცეს ოთხი დაღუპული ჩეჩენი ახალგაზრდის გვამი, რომლებიც ამ დრომდე აეროპორტთან ახლოს, ე.წ. “უპატრონოთა სასაფლაოზე” ჰყავდათ დაკრძალული. შვილის ცხედრის გადასასვენებლად ზაურბეკოვები სექტემბრის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ დუისში, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და ხელისუფლებამ მშობლები არჩევნების შემდეგ დაიბარა. ცნობილია, რომ ზაურბეკოვის მშობლებს გვამები სექტემბერშივე აჩვენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ოთხივე ცხედარი ერთ საფლავში იყო დამარხული. ზაურბეკოვის ოჯახის გადაწყვეტილებით, ოთხივე გარდაცვლილი მათი ხარჯით დაიკრძალება.
დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი და მუსა ადუევი 28 აგვისტოს ლაპანყურის სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ. მათი საფლავები დუისში 2 თვის წინ გაითხარა, თუმცა, ხელისუფლებამ გვამების გადაცემაზე უარი თქვა და მოსახლეობას გათხრილი საფლავები თავისი ხელით ამოავსებინა.