პოლონური რადიოს ცნობით, მოშიმშილეთა რაოდენობა თავდაპირველად 70 კაცი იყო, რომელთა უმრავლესობას საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები შეადგენენ. თუმცა, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.
მოშიმშილეები ლტოლვილთა ბანაკებში არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ და მას ციხეს ადარებენ.
_ მათ არ ესმით, რატომ არიან დაპატიმრებულები. რატომ არის ასეთი მკაცრი დისციპლინა. მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული. მათი პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ პოლონეთში დოკუმენტების გარეშე იმყოფებიან. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მათი უფლებები და გამოვარკვიოთ, ირღვევა თუ არა მათი უფლებები, რადგანაც ლტოლვილთა ნაწილი დახურულ ბანაკებშია, – აცხადებს იურიდიული დახმარების ორგანიზაცია “გაერთიანებული იურიდიული ინტერვენციის” წარმომადგენელი ალექსანდრა ხშანოვსკა.
შიმშილობის მასობრივ აქციაში მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები რომ არიან, ამას ბელორუსიის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მოშიმშილეთა უმრავლესობამ, პოლონეთში, ბელორუსიის ტერიტორიიდან შეაღწია.
“NewsBalt”-ი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ემიგრატთა რიცხვი პოლონეთში 1990 წლის შემდეგ, 10ჯერ გაიზარდა და მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მცხოვრებლები არიან.