სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათელა თოხაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ოზურგეთის რესურსცენტრი უხეშად ერევა სკოლების ავტონომიაში, არად დაგიდევთ მიმინოშვილის განცხადებას და სკოლების დირექტორებს ავალდებულებს, თითოეულ საგამოცდო საგანში წარმოადგინონ ტესტები. ამისთვის მითითებულია კვირის დღეები, თუ როდის რომელი საგნის ტესტები უნდა წარადგინონ სკოლებმა.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსს ირინა ინარიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა შემდეგი:
_ ის, რომ ჩვენ ვერევით სკოლების საქმიანობაში ამ მხრივ, სისულელეა. უბრალოდ, ჩვენ ვართ ინფორმაციის მიმტანი სკოლებში. ამიტომ შეიკრიბნენ დირექტორები, პედაგოგები. დირექტორებმა მოილაპარაკეს თავად, ერთიანი საინფორმაციო ბაზა გავაკეთოთო. ეს არის საინფორმაციო შეხვედრები და ტესტებს თვითონ შეადგენენ მასწავლებლები.
_ ქალბატონო ირინა, რესურსცენტრიდან სკოლებს ნამდვილად არ მიუღიათ დავალება, რომ ტესტები საგნების მიხედვით, ჯერ თქვენთან წარმოადგინონ?
_ მსგავსი რამ არ ხდება. სკოლა შეარჩევს ტესტებს, სკოლა ჩაატარებს გამოცდებს, სკოლის წარმომადგენლები გაასწორებენ ნამუშევრებს. რესურსცენტრი არც კი დააკვირდება ამ პროცესს. რა შუაშია რესურსცენტრი? არის ასეთი მოლაპარაკებები, რომ კონკრეტული საგნის მასწავლებლები, მაგალითად, მათემატიკის მასწავლებლები მეორე საჯარო სკოლაში შეიკრიბებიან, ქართული ენის მასწავლებლები ჩვენს დარბაზში შეიკრიბებიან. ხომ არ დავუშლით? ასეთია სინამდვილე.