1 ოქტომბერს, “გურია ნიუსმა” ოზურგეთის 60/57 ანასეულის საარჩევნო უბანზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შუქრი გაბრიჩიძის მანქანაში, უბანზე სამუშაო გეგმა აღმოაჩინა. შედგენილ სიას სწორედ ასე ერქვა სახელად: “უბანზე სამუშაო გეგმა”.
“გურია ნიუსის” მიერ დაფიქსირებულ სიაში, ანასეულის “უბანზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებში” ჩამოთვლილი არიან: ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე, პროკურორი მალხაზ სირაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გურიის გუბერნიაში ოთარ რევიშვილი.
ამის მიუხედავად, მალხაზ სირაძეს დადებითად აფასებს კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის ერთ-ერთი ლიდერი დათო დარჩია. ის “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან ამბობს: მივესალმები მალხაზ სირაძის კანდიდატურას. ძალიან კარგი კადრია. თუ დატოვებენ, ყველანი მოხარულნი ვიქნებით. რაც შეეხება ლობირებას, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, – თქვა დათო დარჩიამ.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით, ამავე კოალიციის ლიდერებს ტიფო მიქატაძეს და თემურ სალუქვაძეს ესაუბრა.
ტიფო მიქატაძე: _ მალხაზ სირაძეზე, როგორც პროფესიონალზე, მე ნაკლები წარმოდგენა მაქვს. შეიძლება თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ, არსებობს ფაქტები, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში ნაციონალების მხარდასაჭერად. კონკრეტულად, ბატონი მალხაზ სირაძე რა როლს ასრულებდა არჩევნების დროს, ნაკლები ინფორმაცია მაქვს, მაგრამ თავად ტენდენციებიდან, თავად იმ ფაქტიდან გამომდინარე, რაც უკვე გითხარით, არ გამოვრიცხავ, რომ თავადაც მონაწილეობდა არჩევნების პერიოდში.
ახალ თანამდებობაზე, მითუმეტეს, პროკურატურის ორგანოებში დანიშვნისას, ის, ვინც დანიშვნებზე პასუხისმგებლობას იღებს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თითოეულ პიროვნებას და უნდა აიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ.
ბატონი დათო თუ კომენტარებს აკეთებს და დადებითად ახასიათებს ამ ადამიანს, ეს მისი უფლებაა, თუმცა, ბატონ დათოსაც ვურჩევდი, რომ სანამ კომენტარებს გააკეთებდეს, თუკი ასეთი ფაქტები არსებობს ბატონი სირაძის საარჩევნო აქტივობების შესახებ, მოიკვლიოს ასეთი ინფორმაცია და შემდეგ გააკეთოს დასკვნები, _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტიფო მიქატაძემ.
თემურ სალუქვაძე: _ საერთოდ არაფრის საქმის კურსში არ ვარ. ესეც პირველად გავიგე, რომ ეს ადამიანი ინიშნება, თურმე, ოზურგეთის პროკურორად.
ერთი შემიძლია ვთქვა: ახალი ხელისუფლების პირობებში, თანამდებობები უნდა დაიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უკანონობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ჩვენს ლიდერს არაერთხელ უთქვამს _ ვისაც გაყალბებებში, ზეწოლებში ან რაიმე ამდაგვარ ქმედებებში მონაწილეობას აქვს მიღებული, თავისუფალი სასამართლოს და კანონის წინაშე აგებს პასუხს. ხელისუფლება იმიტომ შეიცვალა, რომ თანამდებობებზე მოვიდნენ სრულიად ახალი, სრულიად ახლებურად მოაზროვნე, ახალი პოლიტიკური კულტურის მატარებელი კადრები, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს თემურ სალუქვაძემ.