არჩილ კბილაშვილის განმარტებით, ერთ-ერთ ადამიანს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ბაჩანა ახალაიას გაგზავნილმა პირებმა მიაკითხეს სახლში და დაიბარეს ერთ-ერთ რესტორანში. აღნიშნულ პიროვნებას იქ დახვდა ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, დავით ჭაკუა და დაცვის წევრები..
მთავარი პროკურორის განმარტებით, მისულ პიროვნებას დავით ჭაკუამ თავში სკამი ჩაარტყა, მას ასევე ცემდნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის წევრები, თავად ახალაია და გიორგი კალანდაძე. შემდეგ კითხეს, ხომ არ ჰქონდა სურვილი, თავისი ძვირადღირებული მანქანა გადაეფორმებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ოღონდ ნუ მოკლავდნენ და თანახმა იყო.
მას დაარეკინეს მეუღლესთან და ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი მეგობრისთვის გამოეტანებინა მანქანის გასაღები.
კბილაშვილის თქმით, შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა აღნიშნული პიროვნება წაეყვანათ სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდევდნენ. წაიყვანეს თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, სადაც დამწყვდეული ჰყავდათ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ის მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც დაუბრუნეს მანქანა და გააფრთხილეს, რომ ხმა არ ამოეღო და არავისთვის ეთქვა, რაც მოხდა.
კბილაშვილის თქმით, ჩვენებების სრული ვერსია მალე გამოქვეყნდება.