ასევე, ცნობილი გახდება, გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო თავდებით ამ პირების გათავისუფლების საკითხს; საინტერესოა, რომ დაკავებულებს თავდებში უდგება არა მხოლოდ პარლამენტის 29 დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, არამედ “გენერალთა კლუბის” 40-კაციანი შემადგენლობა, მათ შორისაა გენერალი კობა კობალაძე, რომელიც მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის მოტივით, დაპატიმრებულიც კი იყო.
როგორც საქმის განხილვისას აღმოჩნდა, საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ, მხოლოდ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი.
ასევე, გაირკვა, რომ საქმეში არ დევს სასამართლოს ნებართვა დაკავებულ პირთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შესახებ, ასევე შესაბამისი განჩინებები.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მან კანონის შესაბამისად, ვადების დაცვით, ოფიციალურად გაუგზავნა შესაბამისი ოქმები სასამართლოს; თუმცა, ბრალდების მხარის ამ არგუმენტს, მოსამართლისგან რეპლიკა მოჰყვა, რომ ბრალდების მხარეს 24-საათიანი ვადა ჰქონდა გადასამოწმებლად. ბრალდების მხარე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ანალოგიურ პროცედურას ორმხრივი წერილობითი მიმოწერა სჭირდებოდა.