“ქალაქში სამშენებლო სექტორის წახალისებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, თბილისის მერია სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული კვლვევები სამშენებლო სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას ადასტურებს, რაც იმ მშენებლობების რაოდენობის ზრდას ნიშნავს, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და მშენებლის მიერ სათანადო ვადებში ხდება აღებული ვალდებულებების შესრულება.
მშენებლობის რთული სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია სამშენებლო ობიექტებზე პროექტის დარღვევით სამუშაოების წარმოების შემთხვევები, რაც საბოლოოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ობიექტის მეპატრონის დაჯარიმებას იწვევს. აღნიშნული ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც მშენებლის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე მშენებლობის დასრულების ვადებზე და ქალაქის იერსახეზე, რადგან დაღვეულია შეთანხმებული პროექტი.
თბილისის მერია მშენებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ახალ, ნებაყოფლობით სერვისს სთავაზობს, რომელიც მშენებლებს შესაძლებლობას აძლევს:
- მშენებლის მიერვე დაიგეგმოს ობიექტის შემოწმების სასურველი დრო.
- სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლების მიერ დროულად იქნას გამოვლენილი სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები.
- საჯარიმო სანქციის ნაცვლად მშენებელს მიეცეს სარეკომენდაციო წერილი და გონივრული ვადა დარღვევების გამოსწორებისათვის.
- დარღვეული პროექტის კორექტირება განხორციელდეს ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე.
სერვისი ნებაყოფლობითი და ფასიანია, თუმცა ფინანსურად ხელსაყრელია, რადგან მისი ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ ჯარიმებზე და მოქმედი საჯარიმო სანქციების 15-დან 50 %-მდე ოდენობას შეადგენს. ახალი სერვისით სარგებლობისას მშენებლობა დაცული იქნება გაუთვალისწინებელი შეფერხებებისგან და მთელი პროცესი კომპანიასა და ზედამხედველობის სამსახურის პარტნიორულ ურთიერთობაზე დამყარებული რეკომენდაციების ჭრილში გადავა. მაკონტროლებელი ორგანო უშუალოდ იქნება ჩართული პროექტის დაცვის კუთხით წარმოშობილი ყველა პრობლემის მოგვარებაში, შესაბამისად, შენობა ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს სრულ შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასთან.
ახალი სერვისის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა, არქიტექტორები და სამშენებლო კომპანიის წარმოადგენლები დაესწრნენ.”