“საკითხი განვიხილეთ, სხვადასხვა ვარიანტზე ვიმსჯელეთ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მოსახლეობამ აღნიშნული შეღავათები მიიღოს, თან იმ წესით, როგორც იღებდა. რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, ამაზე ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ვიმსჯელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხალხზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უბრალო ადამიანები არ დაიჩაგრონ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო, თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეღავათებთან დაკავშრებით სტატუს–კვოს აღდგენას მოითხოვენ.
“დედაქალაქის მერიას აქვს შესაბამისი სახსრები. მათ შორის არის თანხები, რომლებიც პირობითად გამოყოფილია გუდაურის რეაბილიტაციისთვის. ეს თანხები ადრე სოციალური თემებისათვის იყო განკუთვნილი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მერიის მხრიდან შეღავათებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოვა შესაძლებელია. ამავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას,” – ამბობს ნოდარ ხადური.