“გურია ნიუსის” შეკითხვაზე, _ ზამთრის სეზონისთვის მოხერხდება თუ არა ტარიფების შემცირება? _ კახა კალაძემ გვიპასუხა: “ჩვენ ყველა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და გვაქვს საუბარი იმის თაობაზე თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების დაწევა და რამდენით. ეს ძალიან მალე იქნება ცნობილი. ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს მუშაობა. ხვალ, ან ზეგ “ენერგო პრო”- ს წარმომადგენლებს შევხვდები, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტზე ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას. ჩვენ ამ საკითხზე ყველა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.”
ტარიფების თემაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი “სემეკის” წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა. ოთხშაბათს კახა კალაძე თბილისში “ინტერ რაო ეეს”–ის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. კომპანიის მფლობელობაშია “თელასი”, რომელიც დედაქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ელექტროენერგიის ტარიფი იქნება.
კახა კალაძის განცხადებით, შესაბამის კომპანიებთან ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაზის და საწვავის ტარიფის შემცირებაზე.