“თელასის” 5 ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით უკვე 6 დღეა შიმშილობს. დღეისათვის კომპანიაში 2000–ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მოშიმშილეების ინფორმაციით, მათი სოლიდარობის ნიშნად ქუჩაში გამოსვლას თელასის ყველა თანამშრომელი გეგმავს. „სოლიდარობის ნიშნად “თელასის” მოქმედი თანამშრომლები გვიერთდებიან და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი გაფიცვას აპირებენ. თელასის პროფკავშირის ინფორმაციით, რომელიც ამ შეკრების ორგანიზატორია, დედაქალაქის მასშტაბით არც ერთი ოფისი იმუშავებს,“ – გვითხრა თელასის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ლომიძემ, რომელიც უკვე 6 დღეა შიმშილობს.
კომპანიის უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები ელოდებოდნენ, რომ „თელასის“ გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი საქართველოში19 ნოემბერს დაბრუნდებოდა, რის შემდეგაც მათი სამსახურში დაბრუნების საკითხს განიხილავდნენ. „თუმცა როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ის ორშაბათამდე საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი თუ შესაბამის დირექტივას არ მიიღებს, ჩვენს საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სანამ ჩვენი მოთხოვნა დადებითად არ გადაწყდება, შიმშილობის აქციის შეწყვეტას არ ვაპირებთ,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.