მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაქვს ღირსება და ჩემს აზრს ხმამაღლა გამოვხატავ. ეს ვერ მაპატიეს ნაციონალებმა, _ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა მურთაზ აბაშიძემ, _ ჩამისაფრდნენ დასაჯარიმებლად. მაქვს პატარა მაღაზია, სადაც ვმუშაობდით მე და ჩემი მეუღლე. 2002 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მე, როგორც ომის ვეტერანს 300 ლარამდე შეღავათი გამეწია და არ უნდა გადამეხადა გადასახადი, თუმცა მაინც ვიხდიდი, მოდიოდნენ და მიჰქონდათ. 2009 წელს კი გამაგებინეს, რომ თურმე დავალიანება მქონია. დამიყადაღეს ყველაფერი. შვიდჯერ ვიჩივლე, ბოლოს უზენაესმა სასამართლომ, ნათია წკეპლაძის თავმჯდომარეობით, გამამართლა, მაგრამ მაინც არ აღსრულდა განაჩენი და ვარ ჰაერში გამოკიდული. ვითხოვ სამართალს! _ განაცხადა პრესკონფერენციაზე მურთაზ აბაშიძემ.
ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “გურია ნიუსის” ინიციატივით გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებების წინაშე, კიდევ ერთხელ წარდგა ოზურგეთის მკვიდრი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და აფხაზეთის ომის მონაწილე, წოდებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი მურთაზ აბაშიძე. იგი საგადასახადო პოლიტიკის მსხვერპლად მიიჩნევს თავს, ამასთანავე დასძენს, რომ ეს ყოველივე პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა და ისე მოექცნენ, რასაც წამების მეტს ვერაფერს დაარქმევს.
ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა აბაშიძის საქმეს შეთითხნილი და სისულელესთან ნაზავი სიგიჟე უწოდა, რასაც ადამიანი ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავს. მან დეტალურად მოყვა, თუ როგორ “აღმოუჩინეს” 2002 წელს წარმოშობილი დავალიანება 2009 წელს მურთაზ აბაშიძეს და ამ მებრძოლმა კაცმა მაინც შეძლო უზენაეს სასამართლომდე მისვლა, სადაც ის გაამართლეს. თუმცა, განაჩენი დღესაც აღუსრულებელია.
კახა ჩავლეშვილმა განაცხადა, რომ მურთაზ აბაშიძე მისდამი ასეთ დამოკიდებულებას ხელისუფლებისა და საგადასახადოს მხრიდან, მისსავე პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
_ ამაში მე ვერ ჩავერევი, მაგრამ აბაშიძეს ნამდვილად აქვს ვარაუდის საფუძველი, რადგან 2002 წელს წარმოშობილი დავალიანების თანხა 2009 წელს გაუხადეს 1800 ლარი, რისი უსაფუძვლობაც დამტკიცდა და მოიგო უზენაესი სასამართლო. მერე კი უფრო სასაცილოდ წარიმართა საქმე და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ხელახალი ყადაღის დადგენილება, გირავნობაც დაყადაღდა, ვეტერანის 22 ლარიანი პენსიაც წაართვეს, _ ჩამოაჭრეს 300 ლარიანი ბაჟის სანაცვლოდ. ვინაა ამ ყველაფერზე პასუხის გამცემი? ეს არის 2002 წელს თაროზე შემოდებული საქმე, რომელიც “გაცოცხლდა” 2009 წელს.
ადვოკატმა აღნიშნა ისიც, რომ ამ ხნის მანძილზე აბაშიძემ საგამოძიებო ორგანოებს კვლავ მიმართა, მაგრამ ისევ აქეთ მოდეს შარი.
_მოვიდა ახალი ხელისუფლება. მე წესიერი კაცი ვარ, ფოჩიან კანფეტებს არავის ვთხოვ და არც არავისგან ველოდები. ვითხოვ უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულებას და იმ პირთა პასუხისმგებლობას, ვინც ასე უსამართლოდ მომექცა და მაწამა ამ წლების მანძილზე, _ განაცხადა პრესკონფერენციის დასასრულს მურთაზ აბაშიძემ.