წყაროს თქმით, ახმადოვს 2007 წელს ქართულმა სპეცსამსახურებმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პაპასქირი, მეტსახელად “ზონა”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. როგორც პანკისის ხეობაში ამბობენ, ის და შს სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი _ ზელიმხან ხანგოშვილი, ხეობიდან შეიარაღებული ჯგუფის ლაფანყურში გადასვლის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ “ზონა” პანკისში აღარ გამოჩენილა.
10 წლის წინ, ლტოლვილის სტატუსით ჩამოსულმა რუსლან პაპასკირმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რაც თურქეთში შეუფერხებლად გადაადგილებაში ეხმარებოდა.
ამ დღეებში, თურქული პრესა 2011 წელს სტამბულში ჩეჩენი ლტოლვილების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება.
2011 წლის 16 სექტემბერს სტამბულში, ზეიტინბურნუს რაიონში, სამი ჩეჩენი მოკლეს. როგორც წყარო ამბობს, ისინი “კავკასიური საამიროს” ლიდერის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენლები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო თურქეთში უმაროვის მომხრეებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა _ 2008 და 2009 წლებში, უმაროვის ორი წარმომადგენელი _ ისლამ ჯანიბეკოვი და ალი ოსაევი მოკლეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ყველა ზემოთ ხსენებულ მკვლელობაში ე.წ. “ახმედ ზაკაევის ჯგუფი” მონაწილეობდა. ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ ჩეჩენი ლტოლვილები ქილერმა თავში საკონტროლო გასროლით დახოცა. პაპასკირი იმ დროს პარიკს ატარებდა.
ჩეჩენი ლტოლვილების მკვლელობების გამოსაძიებლად 2011 წელს თურქეთში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ჯგუფიც შედიოდა. ჯგუფის კოორდინირებული მუშაობა გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ამასობაში კი ჯგუფმა კიდევ ერთი მკვლელობის დაგეგმვა მოასწრო, თუმცა, ეს ოპერაცია მარცხით დასრულდა. თურქული გამოცემა Habervitrine-ის მიხედვით, 2011 წლის 13 ოქტომბერს, ზაიტინბურნუში დააკავეს ქილერი ბაჰრამ ბატუკაევი, რომელიც თავისი მოგვარის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის შარიათის ყოფილი ხელმძღვანელის შამსუდინ ბატუკაევის მოკვლას გეგმავდა. ასევე იგეგმებოდა დოკუ უმაროვის ძმის, ვახა უმაროვის მკვლელობაც, რომელიც შამსუდინ ბატუკაევის მეზობლად ცხოვრობდა.
პოლიციამ დააკავა როგორც შემსრულებელი ბატუკაევი, ასევე დამკვეთები _ უვაის ახმადოვი, მისი ძმა იმრან ახმადოვი, იგორ ზაიცევი და რუსლან პაპასკირი, რომელთა აყვანის ოპერაცია სტამბულსა და ადაპაზარში მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ჩატარდა. გამოძიებით გაირკვა, რომ მკვლელობის იარაღი _ მაყუჩიანი “სტეჩკინი” უვაის ახმადოვის მეგობარმა პაპასკირმა ჩაიტანა თურქეთში.
უვაის ახმადოვი წლების განმავლობაში “ზაკაევის დევნილ მთავრობაში” უშიშროების ხაზს კურირებდა და შესაბამისად, მასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.
“კავკაზცენტრის “ინფორმაციით, ზაკაევი, კადიროვი და ახმადოვი ერთად ებრძვიან “კავკასიის საამიროს” და მისი წევრების ლიკვიდაციას სწორედ თურქეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ.
უვაის ახმადოვი არც მალავს, რომ დოკუ უმაროვის მომხრეთა გასანადგულებლად კადიროვისაგან ნახევარი მილიონი ევრო მიიღო, თანხის დიდი ნაწილი ზაკავთან მოხვდა, რომელიც ამ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ სიცრუეს უწოდებს.
ძმები _ უვაის და იმრან ახმადოვები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოშიც ცხოვრობდნენ და ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.
ერთ-ერთი რუსული გამოცემის მიხედვით ” დღეის მდგომარეობით, სამხრეთ კავკასიის შეიარაღებული ჯგუფების ერთ-ერთ ორგანიზატორი თურქეთში მცხოვრები უვაის ახმადოვია, რომელიც ჯგუფებს იარაღით ამარაგებს, ხოლო მისი ძმა იმრანი _ საქართველოში ჩეჩნურ შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს”.
2007 წლის დეკემბერში ბადრი პატარკაციშვილმა აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც უვაის ახმადოვს გია დგებუაძე, იგივე “მასტერა”, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთავს.
როგორც ცნობილია, ახმადოვმა ეს ჩანაწერი ზაკაევის შუამავლობით 1,5 მილიონ დოლარად მიჰყიდა ბერეზოვსკის. ამ ფულიდან 75 ათასი ახმადოვს ერგო, დანარჩენი კი, გავრცელებული ინფორმაციით _ ზაკაევს.
საქართველოს მხარე, სავარაუდოდ, რუსლან პაპასქირის ექსტრადიციას მოითხოვს და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკითხავს. ამ დროისათვის, ის დუმილის უფლებას იყენებს და თურქ სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს.