“პროკურორები გათავისუფლებული არიან პოლიტიკური წნეხისგან, რასაც მათზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ახორციელებდა და ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ამგვარი პროკურორები შეძლებენ უკეთესად გაერკვნენ საქმის ვითარებაში. უბრალოდ, დრო უნდა მივცეთ მათ, რათა შეისწავლონ საქმის გარემოებები. მე, არ მგონია, რომ დღეს ჩატაევის გათავისუფლება იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, დანარჩენს კი გადაწყვეტს ამ საქმეზე დანიშნული პროკურორი. თუ პროკურორი ჩათვლის, რომ ჩატაევი უნდა იყოს ციხის გარეთ, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ დღეს რადგან ასე მოხდა (გულისხმობს ჩატაევის პატიმრობაში დატოვებას), ესე იგი არ ჩაითვალა, რომ მისი გათავისუფლება იყო მიზანშეწონილი,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “გურია ნიუსთან”.
მინისტრის თქმით, პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნას ლაფანყურის საქმე და გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში. წულუკიანი მიიჩნევს, რომ ჩატაევი ამ საქმის “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა” და ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.
ახმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისიდან შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად წაიყვანეს, თუმცა, მოლაპარაკება ვერ შედგა და ჩატაევი სნაიპერმა ფეხში დაჭრა. 10 დღის შემდეგ, ის მესაზღვრეებს ჩაბარდა, რა დროსაც პროკურატურის მტკიცებით მას ფ-1 ტიპის ორი ხელყუმბარა აღმოაჩნდა. ბრალდების ძირითადმა მოწმეებმა მესაზღვრეებმა გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს რომ ჩხრეკის ოქმზე ხელი იძულებით მოაწერინეს და დაკავებული სინამდვილეში შეიარაღებული არ ყოფილა.
როგორც ჩატაევის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, ძირითადი მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლის შემდეგ პროკურატურას მტკიცებულელები ფაქტობრივად აღარ რჩება და აქედან გამომდინარე, პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ორ დღეში მესაზღვრეებს სასამართლო დაკითხავს, ჩატაევის ბედი სწორედ მათ ჩვენებაზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება დაიწყო და რამდენიმე დღეში მომხდარში ჩატაევის როლი გამოიკვეთება.