ძველმა აქტივისტმა შოთა ფირცხალაიშვილმა თავისი მისია უკვე შეასრულა და ადგილი გია ფირცხალაიშვილს დაუთმო. მეორე დღეა, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი შიმშილობს რამდენიმე მოთხოვნით. პლაკატებზე გამოტანილ ძველ მოთხოვნებს მეორე დღეა ახლებიც დაემატა: “გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე”, “პრეზიდენტი არჩეულია 5 წლით. 2013 წლის 5 იანვრამდე” და ასე შემდეგ…
მათ მოთხოვნებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან არავინ გამოხმაურებია, სამაგიეროდ, მხარდაჭერის გამოსახატად დღეს მარტვილიდან დელეგაცია ჩამოვიდა.
მარტვილშიც დაახლოებით ლანჩხუთის მსგავსი მდგომარეობაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ გამგებელს გამგეობის შენობაში შესვლის და უფლებამოსილების გახორციელების საშუალებას არ აძლევენ. ამაზე დღეს ჩვენთან ჩამოსული სტუმრები საუბრობდნენ.
“თქვენთან უკეთესი მდგომარეობაა, იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ არჩევნებში გაიმარჯვეთ და არჩეული დეპუტატი გაიყვანეთ. სამეგრელოში, ამ მხრივ, გურიაზე უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. აქ თითქმის ვერც ერთ რაიონში ვერ გავიდა “ოცნების” კანდიდატი. “ნაციონალებმა”, რომლებსაც დიდი ადმინისტრაციული და რეპრესიული რესურსი აღმოაჩნდათ, სამეგრელოს უმეტეს რაიონში საკუთარი დეპუტატები გაყვანა მოახერხეს. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს გურულ მეგობრებს, ბოლომდე რომ მიიყვანონ ბრძოლა “ნაციონალური” ნარჩენების მოსაშორებლად,” – აცხადებს მარტვილელი ბელა კოკაია.
სამეგრელოდან ჩამოსული სტუმრები გაკვირვებას ვერ ფარავდნენ პროტესტის გამომხატველთა სიმცირის გამო.
_ უფრო მეტ ხალხს ველოდებოდით, _ ამბობს ერთ-ერთი სტუმარი ქალბატონი.