კონკრეტულად საუბარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის და თელავის ქუჩების გარეგანათებაზე.
ტენდერებში სახელმწიფო არარეალურად გაზრდილ ფასებს იხდიდა. მინისტრმა დავით ნარმანიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 13 საქმე გადასცა შესასწავლად.
“გურია ნიუსი” რამაზ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
_ბატონო რამაზ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში არამიზნობრივად არის გახარჯული 10 მილიონი ლარი, რომელიც ეხება კონკრეტულად თბილი-სენაკი-ლესელიძის მიმართულებით, ასეთი ცამეტი საქმე კი გადაგზავნილია შესასწავლად ფინანსთა სამინისტროში…
_მინდა აგიხსნათ, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოთ საგზაო დეპარტამენტიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. როცა გაერკვევით, თქვენც მიხვდებით, რომ ეგრე არ არის. მე როგორც ვიცი, ეგრე არ ყოფილა რა. რა ვიცი აბა, 10 მილიონის გაფლანგვა ადვილი არ არის და ჩემი აზრით, ყველაფერი გაირკვევა. ეგრე არ არის რა! როცა გაირკვევა, მიხვდებით რომ ეგრე არ არის, ამდენი ლარის გაფლანგვა შეუძლებელია.
_თქვენი აზრით, მაშინ რატომ სჭირდება ახალ მთავრობას ასეთი განცხადების გაკეთება?
_ ყოველგვარი განცხადებებისგან თავს ვიკავებ, მინდა რომ დარწმუნებული იყოთ, როცა გაირკვევა ყველაფერი, აი როგორ დაგარწმუნოთ, არ ვიცი რა! ამიტომ გაირკვევა ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ და ჯერ განცხადებების გაკეთება ჩემგან ნაადრევია. ნებისმიერი სიტუაცია გარკვევადია და შესაბამისად, თუ ვინმე რამეს არასწორად გააკეთებს, იმას პასუხი გაეცემა.
რამაზ ნიკოლაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კითხვები 10 მილიონიან არამიზნობრივ ხარჯვაზე მას არ ეკუთვნის და თითს მისი უახლოესი მეგობრის, მისი კადრის, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისკენ იშვერს, თუმცა მის სახელს და გვარს არ აკონკრეტებს. საგზაო დეპარტამენტის უფროსი კი მამუკა ლეჟავა იყო. მან, არჩევნების შემდეგ, თანამდებობა ერთ-ერთმა პირველმა დატოვა.
მამუკა ლეჟავას 2008 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა. 2009 წელს, თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ პოსტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის N866 განკარგულების საფუძველზე, ახლად დანიშნული თავმჯდომარე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.