“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს. საია სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ ორგანოებს შეახსენებს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება და სიტუაციის დარეგულირების მიზნით ჩაერიოს იმ დაპირისპირებაში, რაც დღესდღეობით არსებობს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის. მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ასევე, პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას მუსლიმი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
საია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადების გამო, რომელიც წინწყაროს კონფლიქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელდა.
ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში დეპუტატი უთითებს: “ისე აკეთებენ, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, მაგრამ ჩვენი უფლებებიც ხომ ირღვევა? თუ ლაპარაკია უფლებების დარღვევაზე, თუ მათ უნდათ, რომ მოლამ ილოცოს დილის 6 საათზე რატომ არ უშვებთ იმას, რომ დაირღვევა ქრისტიანების უფლებებიც? დილის 6 საათზე იქნებ არ უნდათ, მოისმინონ იგივე ლოცვა მუსულმანების.” პარლამენტის წევრის მხრიდან უმრავლესობის უფლებების დაცვის საჭიროებაზე ხაზგასმა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში აშკარაა მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა და მათ მიმართ ძალადობრივი მუქარა.
სახელმწიფო თანამდებობის პირების მსგავსი გამონათქვამები ემიჯნება და უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც აღიარებს რელიგიის სრულ თავისუფლებას. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადებები თავისთავად უქმნის საფრთხეს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირების მშვიდობიან თანაცხოვრებასა და სოციალურ სტაბილურობას, ეს საფრთხე მით უფრო იზრდება მაშინ, როდესაც კონფრონტაცია უკვე არსებობს.
საია მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, გამომდინარე მათი კონსტიტუციური სტატუსიდან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს და შეუსაბამონ ისინი საქართველოს კონსტიტუციას. ამასთან, საია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაფერი გააკეთოს შესაძლო დაპირსპირების პრევენციისა და მუსლიმი მოსახლეობის მიერ რელიგიური პრაქტიკის უსაფრთხო გარემოებაში სრულად რეალიზაციის მიზნით,“-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.