“ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ვალდებულება კორუფციისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამოსავლენად ეფექტური საშუალებაა. წარმოსადგენი ინფორმაციიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას ხელისუფლებაში მყოფი პირების სხვადასხვა ბიზნესში წილობრივი მონაწილეობის შესახებ. იმის ცოდნა, თუ რომელი თანამდებობის პირები ფლობენ წილებს/აქციებს კომპანიებში, შეიძლება დაგვეხმაროს ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენასა და კორუფციის თავიდან აცილებაში.
საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წევრებს მოუწევთ წლის ბოლომდე წარადგინონ ქონებრივი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროში. სავარაუდოდ, აღნიშნული დეკლარაციები დიდი ინტერესის საგანი გახდება და დეტალურად იქნება შესწავლილი, ვინაიდან წარსულში იყო საუბარი შემთხვევებზე, როდესაც დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიები სარგებლობდნენ სახელმწიფო შესყიდვებისას უპირატესი მდგომარეობით და საგადასახადო შეღავათებით.
თუმცა, შესაძლებელია, რომ დეპუტატების მიერ წარმოდგენილმა ქონებრივმა დეკლარაციებმა სრულად მაინც ვერ ასახოს კავშირი დეპუტატებსა და ბიზნესს შორის, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ რომელიმე კომპანიის დირექტორი ან დირექტორთა საბჭოს წევრი. აგვისტოში ჩვენ შევქმენით საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის ასლი, რომელიც შეიცავს მონაცემებს კომპანიათა მფლობელებსა და მმართველებზე. ამ მონაცემების საშუალებით შევძელით დაგვედგინა კავშირი დეპუტატებსა და იმ კომპანიებს შორის, რომელებთანც ისინი ასოცირდებოდნენ 2012 წლის დასაწყისში. ჩვენ ეს ხერხი პოლიტიკური პარტიების დონორებისა და კორპორაციებს შორის ურთიერთკავშირის დადგენაშიც დაგვეხმარა.
ჩვენ მოვამზადეთ ცხრილი, რომელიც ასახავს ამჟამინდელი დეპუტატების კავშირს ბიზნესთან. ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში არიან დეპუტატები, როგორც უმრავლესობდან, ისე – უმცირესობიდან, რომლებიც ფლობენ წარმატებულ ბიზნესებს.
მაგალითად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გოჩა ენუქიძე ფლობს “იბერკომპანის,” რომელიც აკონტროლებს ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ხოლო “ქართული ოცნების” დეპუტატი გოგლა ჟვანია ირიცხება, როგორც შპს “ბოსნერის” დირექტორი (ეს კომპანია გერმანული “ბოსნერის” სიგარებისა და კონიაკის ბრენდთან ერთად ახორციელებს ალკოჰოლური სასმელებისა ექსპორტს). საერთო ჯამში, ჩვენ აღმოვაჩინეთ სულ ცოტა 36 დეპუტატი, რომელთაც კავშირი აქვთ ერთ კომპანიასთან მაინც (10 დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და 26 “ქართული ოცნებიდან”; ეს რაოდენობა მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირებსაც). მართალია, ეს მონაცემები 2012 წლის აგვისტოშია მოპოვებული და განახლებას საჭიროებს, ეს ინფორმაცია მაინც საინტერესო წყარო იქნება შედარებისთვის, როდესაც დეკემბრის ბოლოს დეპუტატები თავიანთ ქონებრივ დეკლარაციას წარადგენენ,” _ ნათქვამია განცხადებაში.