დაზღვევის ახალ გეგმაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე 2,2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. „მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდება, უკვე პირველი ივლისისთვის საბაზო სადაზღვევო პაკეტად გარდაიქმნება. სხვაობა ამ პაკეტებს შორის ასეთია: მინიმალური სადაზღვევო პაკეტი მოიცავს მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტსა და გადაუდებელი შემთხვევების მართვას. საბაზო სადაზღვევო პაკეტში კი ამ ყველაფერს გეგმიური სამედიცინო მომსახურება ემატება, როგორც სტაციონალური, ასევე ამბულატორიული,“ – ამბობს დავით სერგეენკო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან მოქმედ სადაზღვევო პაკეტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს არსებული სადაზღვევო პროგრამის განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელდება.