“ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებლმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოადგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება (№11ა/9022), რომლის თანახმადაც გამოძიებას უფლება ჰქონდა ამოეღო მოქალაქეების: ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთელის 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებელს წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ე.წ. “სამაგიდო” სიაში ზემოთხსენებული პიროვნებების სახელისა და გვარის გასწვრივ გრაფებში ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული” _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა, რომლებიც გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ქ. თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილისს გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.
გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.
გარდა ამისა, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აჩვენა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი.”