ჩანჩხალო, ოქროპილაური, ჯაბნიძეები, ცინარეთი, მოფრინეთი, ნაღვარევი, ჟანავრი, ბრილი, ფურტიო, ბუთურაული, ნენია, ნიგაზეული, ახალდაბა, ზედაყანას სოფლების ეკომიგრანტ მოსახლეობას შესაბამისი სოციალური საცხოვრისი შეახევის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში გამოეყოფა. საავადმყოფოს შენობა სახელმწიფო ბიუჯეტით შეკეთდა და სოციალურ სახლად გადაკეთდა. სახლში 53 ბინაა, რომელთაგან ამ ეტაპზე მხოლოდ 27 ბინა გაიცემა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით ეკომიგრანტების მდგომარეობის შესწავლა ხულოსა და ქედაშიც დაიწყეს. “სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების შემსწავლელმა კომისიამ, გუშინ, ოჯახების შესწავლა ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო. შესაბამისი კომისია მუშაობას ახალ წლამდე დაასრულებს და ოჯახები ახალ წელს სოციალურ სახლებში შეხვდებიან” – ამბობს ჯინჭარაძე.
ეკომიგრანტებს ბინები ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით მიეცემათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 150 პირველი კატეგორიის ეკომიგრანტია. საერთო ჯამში, სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე ათასი ეკომიგრანტი ოჯახი ელოდება სახელწიფოსაგან დახმარებას.