დღეს, ოზურგეთში, უმაღლესი ხარისხის მანდარინს, რასაც “სუპერს” უწოდებენ, კილოგრამს 20 თეთრად იბარებენ. აღშფოთებული გლეხები სამართლიანად ჯავრობენ: _ კილოგრამი მანდარინის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, მისი მხოლოდ თვითღირებულება 25 თეთრია. გამოდის რომ საკუთარ ნაშრომს საკუთარი ხელით ვყრით, _ ამბობენ ისინი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე და გამგეობის თანამშრომლები ომარ ჩხარტიშვილი, კოტე სარიშვილი და ლაშა ღლონტი, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ, სოფელ მერიას ეწვივნენ.
_ შევხვდით მერიის წვენების ქარხნის წარმომადგენლებს, ფერმერებს და მოვისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც აბრკოლებს მანდარინის რეალიზაციას. ხალხს ეშინია, შარშანდელის მსგავსად, წელსაც არ ეზარალოს წლის მოსავალი. ვესაუბრე მაჟორიტარ დეპუტატს, რომ სამთავრობო დონეზე დაისვას ეს საკითხი, _ ამბობს შარაშენიძე.
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა კოტე სარიშვილმა განაცხადა, რომ მათ ამ ეტაპზე, კონსულტაციები აქვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და როგორმე ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ გახორციელდეს სუბსიდირება და ტრანსპორტირებაში დაეხმარონ ხალხს. ასევე, სუბსიდირება მთავრობისგან შესაძლებელია იმ კუთხითაც, თუ წვენების ქარხანა კილოგრამ მანდარინს 8 თეთრად იბარებს, მოხდეს ამ თანხის 12 თეთრამდე გაზრდა.
კითხვაზე, ექნება თუ არა უახლოეს დღეებში ამ ინიციატივას შედეგი, კოტე სარიშვილმა განაცხადა, რომ ორ-სამ დღეში საქმე დადებითად უნდა გადაწყდეს.
რასაკვირველია, სამი-ოთხი დღის შემდეგ, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით გამგეობას აღნიშნული პრობლემის ირგვლივ სასაუბროდ.