მთავარი პროკურატურის განცხადებით, ეს ვერსია საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს.
“მანუჩარ ჯოხაძე 2012 წლის 06 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2011 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხსენებული სისხლის სამართლის საქმე შეეხება ქ. რუსთავის მერიის და საკრებულოს მიერ, მერიის კუთვნილი ლითონის მილების გასხვისებასთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიებას.
ქ. რუსთავის მერიის მიერ, მათი კუთვნილი 3800 გრძივი მეტრის ლითონის მილების აუქციონებით გასხვისების დროს ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს მერიის მაღალი თანამდებობის პირებსა და აუქციონში მონაწილე ფიზიკურ პირებს შორის.
2012 წლის 06 დეკემბერს ამ საქმეზე, მანუჩარ ჯოხაძე დაიკითხა მოწმის სახით. მისი დაკითხვა არ უკავშირდებოდა მის შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნას. უფრო მეტიც, ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მანუჩარ ჯოხაძის თანამონაწილეობის საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა და არც მომავალში განიხილება. საქმის მასალები ამის საფუძველს არ იძლევა. აღნიშნული დასტურდება მისი დაკითხვის ოქმის შინაარსიდანაც. მისი დაკითხვის დამთავრების შემდეგ, იმავე 2012 წლის 06 დეკემბერს საგამოძიებო ნაწილში ასევე მოწმის სახით დაიკითხა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილი, რომელიც დაიკითხა იგივე კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც დაიკითხა მ. ჯოხაძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მათთან რაიმე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაგეგმილი არ ყოფილა და არც ჩატარებულა,” _ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.