_ მე ძალიან არ მომწონს, ვაჰაბიტებს რომ გვეძახიან, მაგრამ მაინც უკან ვიხევ, იმიტომ რომ ვაჰაბი არის ერთ–ერთი მქადაგებლის სახელი, რომელიც ქადაგებდა, რომ ისლამი უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო თავიდან, ანუ გაწმენდილი ერესისა და სიახლეებისგან. დღეს თუ ჩემი შეხედულება დაემთხვა ამ კაცისას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადიკალურად ვარ განწყობილი და ვიღაცის მოკვლა მინდა.
_ ვაჰაბიტები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ უხუცესთა საბჭოს განახლებას. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ გუშინდელი შეკრების მიმართ თქვენს რელიგიურ მიმდევრებს არანაირი ინტერესი არ გამოუჩენიათ. თქვენ რატომ შეხვედით საბჭოში?
_ არ მგონია, ჩემს იქ მისვლას ჩვენს რელიგიურ მიმდევრებს შორის უკმაყოფილება გამოეწვია. გააჩნია, საბჭოში რა საკითხებზე იქნება საუბარი. ეხლა თუ ეგენი ჩამოსხდებიან და ვაჰაბიტებზე ილაპარაკებენ, ის მაინც გვეცოდინება, რა განზრახვა აქვთ. თქვენ მეკითხებით, არის თუ არა ეს შუამავლობა , კი ფაქტობრივად ასე გამოდის, რომ შუამავლის როლი მეკისრება ვაჰაბიტებსა და საბჭოს შორის. თუ საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენს რელიგიურ მიმდევრებს არ მოეწონებათ, ან პირიქით _ საბჭო არ მოიწონებს ჩვენს რომელიმე ქმედებას, მე შევეცდები ეს საკითხი დავარეგულირო.
_ ლაფანყურში ადგილობრივი ახალგაზრდების დაღუპვის შემდეგ, ვაჰაბიზმის საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება. საბჭოს რამდენიმე წევრმაც გაუსვა ამას ხაზი. ფიქრობთ, რომ ამ ფონზე თქვენი თანამშრომლობა საბჭოსთან შედგება?
_ თუ იმ გზით დაიწყეს ბრძოლა, როგორი განცხადებებიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით გაკეთდა, მაშინ ეს პოზიცია შორს ვერ წაგვიყვანს. ღარიბაშვილს ლოპოტის ხეობის პრობლემა აინტერესებდა, თამაზ ბაღაკაშვილმა კი მინისტრს უთხრა, რომ ლაფანყურის ოპერაციამდე ხეობაში ჩეჩნების და არაბების რიცხვი გაიზარდა. მან საკობიანოში სკოლის მოსწავლეების ჩხუბიც ვაჰაბიტების მიერ საკობიანოსთვის ჯიჰადის გამოცხადებად მონათლა. ეს განცხადება გამიზნული იყო იმისათვის, რომ ღარიბაშვილისთვის ეთქვათ, თითქოს ხეობაში ვაჰაბიზმის პრობლემაა და რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი.
მე ვერ ავიტანდი, რომ ვინმეს მინისტრთან ვაჰაბიტებზე არასწორი ინფორმაცია მიეტანა. მე მგონია, რომ როცა სოფელში რაღაცა ხდება, პირველ რიგში ეს სოფლის შიგნით უნდა აღმოიფხვრას. უნდა მოსულიყო თამაზ ბაღაკაშვილი ჩემთან და ეთქვა, თუ ასეთი პრობლემა იდგა.
_ ლაფანყურში დაღუპულების მშობლებმა თქვენი რელიგიური მიმდინარეობა მათი შვილების გადაბირებასა და გამოყენებაში დაადანაშაულა.
_ ყველაფერი მოგონილია. ლაფანყურში ბიჭების გადასვლა არც იმამმა იცოდა, არც მისმა მოადგილემ და არც ვექილებმა. აქ აზრზე არავინ იყო, სად მიდიოდნენ და რამდენი. ჩეჩნებმა რაღაც მოაწყვეს და ეს ბიჭები კანტიკუნტად შეაკოწიწეს _ ზოგი ავსტრიიდან ჩამოუყვანიათ, ზოგი _ ფინეთიდან.
_ თქვენ მათ გადაბირებაში გადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ჯიჰადში წასვლისკენ თქვენ უბიძგეთ.
_ შე კაი კაცო, ჩემს შვილს და ძმიშვილებს როგორ შეუძლიათ ადამიანის გადაბირება და ომში გაგზავნა,როცა თვითონ არ მიდიან, სახლში სხედან ? ერთი გვითხრან, ვინ შეგვითრევია ძალით მეჩეთში, ვის რის მიცემას დავპირებივართ ან ვის დავმუქრებივართ? მე ასევ ვიტყოდი _ მიხედოს ყველამ თავის შვილებს
_ ლაფანყურში მომხდარ ტრაგედიაში ადგილობრივი ჯამაათის როლს გამორიცხავთ?
_ კიდევ ვიმეორებ _ ჯგუფის წასვლაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, ამ ახალგაზრდებს ჩვენგან ნებართვა არ აუღიათ. მათი მხრიდან ეს იყო თვითნებობა, თუმცა, ამ შეცდომის გამო ღმერთის წინაშე დამსახურება არ დაეკარგებათ და მაინც სამოთხეში მოხვდებიან.
_ ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენი სპორტსმენის _ ზაურბეკოვის დედაც თქვენ გაბრალებთ შვილის გადაბირებას
_ ეს დედის პოზიციაა და გასაგებია, მაგრამ როცა შენ თვითონ გაქვს პრობლემები შენივე ოჯახში და როცა შვილებთან ურთიერთობას ვერ ახერხებ, ეს ჩემი ბრალია? მე ორი შვილი მყავს და არ მახსოვს, რომ ჩემს მიცემულ შენიშვნაზე ცერად გამოეხედათ ჩემთვის. ასლან მარგოშვილმა რომ ავადმყოფი მამის ნახვა არ მოინდომა, ჩემი ბრალია ეს თუ ოჯახში დაშვებული შეცდომის? გადაბრალება ადვილია, მაგრამ, როგორც სოფელში ამბობენ,მამა ძალიან მკაცრად ექცეოდა ასლანს, მეჩეთში წასვლის ნებას არ აძლევდა. როცა შენ აიძულებ ბავშვს რაღაცის გაკეთებას, ის გაიზრდება და მაინც თავის გზას ნახავს _ ან იმას შეეკვრება, ან _ ამას.
_ ის თქვენს რელიგიას შეეკრა?
_ ასლანი მეჩეთში არ მინახავს. ალდამოვიც მინახავს, ბაღაკაშვილიც, მაგრამ ასლანი არასოდეს.
_ რატომ? არ იყო რელიგიური?
_ როგორ არ იყო, მაგრამ მამისა და პაპის შიშით, ეტყობა, თავისთვის მალულად სადღაც შემალული ლოცულობდა და ემზადებოდა ამ საქმისთვის. მან იცოდა, რა მოყვებოდა იმას, თუ მეჩეთში დაინახავდნენ. დღეს ჩვენ დაგვბრალდა ყველაფერი. ვეუბნებით მის ოჯახს _ ჩვენი ბრალი არ არის, შეგვიძლია, დავიფიცოთ მეჩეთში, მაგრამ მე მეუბნებიან, თქვენთან პრობლემა არ გვაქვსო და მერე ჟურნალისტებთან ისევ ჩვენ გვაბრალებენ ყველაფერს.
_ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გადარჩენილმა არგუნელმა მუჰნადმა თქვენი ჯამაათი სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა.
_ მე მგონია, რომ ეგ არგუნელი მუჰნადი გამოგონილი პიროვნებაა. მან ერთ–ერთ ჟურნალისტს წერილი მისწერა, სადაც წერს, რომ ჩვენ არ დავეხმარეთ ლოპოტაში მყოფ ჩვენს ძმებს. როგორ შეიძლება ჭკვიანმა კაცმა დაწეროს, რომ 30-35 კილომეტრით დაშორებულ ლოპოტაში ჩვენ რამის გაკეთება შეგვეძლო, როცა ჩვენს სოფელში ჩვენს გვერდით მყოფ გუმაშვილებს ვერ დავეხმარეთ, როცა ისინი 2006 წელს სპეცნაზმა, რომ იტყვიან, “ჩახრაკა“? ფოტოები, რომელიც ვითომ არგუნელმა მიაწოდა მედიას, ასევე საეჭვოა. პირველ ფოტოზე წინა პლანზე ჩანს ასლან მარგოშვილი _ სულ ოთხნი არიან და ხელების აწევით კოლექტიურად ლოცულობენ. ჯერ ერთი ვაჰაბიტები ამ ბოლო დროს ხელების აწევით კოლექტიურად აღარ ლოცულობენ. ეს სუფისტების საქმეა. მეორეც _ ასლანის გვერდით მდგომი ბიჭის ვინაობა გავიკითხეთ მეომარ ხალხში და გავარკვიეთ, რომ ის არაბი ემირი იასირია, რომელიც 2002 წელს ნორდოსტში დაიღუპა. მაშინ ასლან მარგოშვილი, ალბათ, 10 წლის ბავშვი იქნებოდა. მეორე ფოტო ვითომ თბილისში გადაღებული, ვითომ ასლანი დგას ორ სხვა ახალგაზრდასთან ერთად. გავარკვიეთ, რომ ერთ–ერთი მათგანი თურქეთში ამასწინათ რომ ახმადოვები დააკავეს, იმათი ძმიშვილია, 7-8 წლის წინ დაკარგული ბიჭი, მეორე კი 2005 წელს არის მოკლული. მესამე ფოტოზე ამბობენ, რომ სანდრო ამირიძის სახლთანაა გადაღებული. რით მტკიცდება ეს? სიბნელეში არაფერი ჩანს. ეგრე მე ვამბობ, რომ ობამას სახლთან არის გადაღებული.
_ სანდრო ამირიძეს არ იცნობდით? არ ჰქონდა ურთიერთობა თქვენს რელიგიურ მიმდევრებთან?
_ ამირიძე იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა, ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს ხეობას? ჩვენი უხუცესებივით გარიყულები ხომ არ ვიქნებით? მე მხოლოდ ერთხელ დამელაპარაკა, მაგრამ ახალგაზრდებთან ექნებოდა კავშირი. იმიტომ, რომ სამართლადამცავი ორგანოები აკონტროლებენ ხეობას. არ ვიცი, სანდრო ამირიძის როლი ამ ბიჭების გადაყვანაში. მე ვფიქრობ, რომ ესენი გადასვლის მომენტში უკონტროლოდ მოქმედებდნენ. ამათ გვიან გაიგეს, დაეწივნენ და დასაჯეს კიდეც. ეს არის ჩემი ვერსია.
_ ლაფანყურში ბიჭების გადასვლა სპეცსამსახურების დახმარებით არ მომხდარა?
_ ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ბიჭებმა შეცდომა დაუშვეს და შეიძლება ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. შეიძლება ესენი გაპარულებიც იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცოდით. ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი რომ ჩამოვიდა ავსტრიიდან, ვხედავდი, ბოლო 10 დღე მეჩეთში ცხოვრობდა, არ გამოდიოდა საერთოდ _ იხტიკაპი ჰქვია ამას. ასლანი არ ჩნდებოდა ხეობაში. ის ერთხელ ვნახე სპეცოპერაციამდე 2-3 თვით ადრე. ორნი იყვნენ, ველოსიპედებით მოვიდნენ და ჩემი შვილი იკითხეს. ჩემი ბიჭი ხადორჰესზე ოპერატორად მუშაობს. იცოდა ასლანის ნიჭიერების ამბავი და ჩინელებისათვის მისი დასაქმება უთხოვია. ასლანმა სამსახურზე უარი უთხრა, გადასვლას ვაპირებ და აზრი არ აქვსო.
_ ლაფანყურში გადარჩენილები ჩატაევის ციხიდან გამოსვლას ელოდებოდნენ. ამბობენ, რომ ამის შემდეგ იქნება მომხდარის შიდა გარჩევა.
– ვინ გადარჩა, რამდენი იყვნენ და როგორ მოახერხეს გასვლა, არ ვიცი. მე ჯერ გადარჩენილი კაცი არ მინახავს.
_ რა იყო ჩატაევის როლი ამ სპეცოპერაციის დროს? ხომ არ ჯობდა მოლაპარაკებაში ადგილობრივი იმამი ან უხუცესები ჩაერთოთ?
_ რამდენი კაციც მოვიდა ხელისუფლებიდან, ყველას ვუთხარი, რომ ეგ მათი შეცდომა იყო. ჩვენ შევძლებდით ამ ბიჭების დაყოლიებას. როგორც მე ვიცი, მხოლოდ 3-4 კაცი იყო, ვისაც იარაღის დაყრა არ უნდოდა. როცა ჯგუფში სამ კაცს არ უნდა დაყრა და ათ კაცს უნდა, ჩეჩნური ფაქტორია, რომ ის სამი ვაჟკაცად ითვლება და ათი ლაჩარია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღების დროს იმ სამის აზრმა გაიმარჯვა. ჩატაევი, შეიძლება, ბევრს იცნობდა იმ ჯგუფში, მაგრამ ყველას ვერ დაიყოლიებდა. როგორც ვიცით, 3-4 კაცის გამო მოხდა ეს. ზელიმხან ხანგოშვილიც ხომ იყო ჩატაევთან ერთად , მაგრამ მან თქვა, რომ ჩვენი ბიჭები საერთოდ არ დაუნახავს. ეტყობა, არ დაენახვნენ, რომ ზელიმხანს არ ეცნო სახეზე.
_ გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელების სირიაში წასვლა თქვენთან შეთანხმებით ხდება.
_ თუ ვინმე მიდის სირიაში, არ დავაკავებ, იმიტომ, რომ ეს ისლამია. თუ თვითონ მოუვიდა ჭკუაში, რომ ალაჰის სახელით სადღაც იომოს, ეს მისი საქმეა. მე არც იმას ვეტყვი, რომ წავიდეს და არც დავუშლი _ ყველა პიროვნებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავის მომავალი. თუ ჰატაბი და ემირი ჩამოდიოდნენ ჩეჩნეთში და იბრძოდნენ ჩეჩნეთის გათავისუფლებისთვის, რამდენიმე ქისტი რომ ჩავიდეს სირიაში, რა პრობლემაა? უბრალოდ ამან არ უნდა მიიღოს დიდი მასშტაბები _ 100-200 კაცი პატარა ხეობისთვის ძალიან ბევრია, 3-4 კაცი თუ წავიდა, რა პრობლემაა?
_ არჩევნებში ნაციონალებს უჭერდით მხარს. რატომ არ გინდოდათ “ქართული ოცნების” გამარჯვება?
_ ჩვენი მტერი ყოველთვის იყო რუსეთი და თუ ამ არჩევნებში ხმას არ ვაძლევდით “ოცნებას“, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას _ ნატოც რომ უნდათ და რუსეთიც. რუსეთის ფაქტორი იყო ერთადერთი, რის გამოც ჩვენ “ოცნების” გამარჯვება არ გვინდოდა. ტყუილად გვაბრალებენ, რომ სააკაშვილთან და სპეცსამსახურებთან შეკრულები ვიყავით. ამ სპცსამსახურებმა არ ჩახოცეს გუმაშვილები? სააკაშვილმა არ ჩაატარა სპეცოპერაცია ჩვენი ოცი ახალგაზრდის წინააღმდეგ? ასეთი მთავრობის მიმართ რა სიყვარული და ნდობა უნდა გვქონოდა? თუ დაგვანებებენ თავს, ჩვენ ვართ საქართველოს პატრიოტი შვილები. რაც ბოევიკები წავიდნენ აქედან, თუ გინახავთ, რომ აქ ან ტერაქტი მომხდარა, ან გატაცება, ან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება? ტერორისტობას მარტო იმისთვის გვაბრალებენ, რომ ვაჰაბიტები ვართ? თუ ვინმეს რამის მომზადება უნდოდა, სირიაში წავიდა და იქ აკეთებს თავის საქმეს.
_ ახალ ხელისუფლებისგან რა მოლოდინი გაქვთ?
– დიდი იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი ასე არ მიუშვებს ხეობას და სამართლადამცავები არ გადაწყვეტენ, ვინ სად, რომელ საზღვარზე გადაიყვანონ. ჩვენ ყოველთვის კანონმორჩილები ვიყავით და დღესაც იგივეს ვაპირებთ. მზად ვართ, ახალ ხელისუფლებასაც დავეხმაროთ აქ წესრიგის შენარჩუნებაში.
_ ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხება ხეობაში ვაჰაბიზმს შეასუსტებს.
_ ვაჰაბიზმის დასუსტება და ამოძირკვა ისლამის ამოძირკვას ნიშნავს, რადგან ტრადიციული ისლამის მიმდევრები ჩვენ ვართ. რა არის ტრადიციული ისლამი _ პარასკევის ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან რომ გამორბიან და მაშინვე ლუდს სვამენ? მათ ჰქვიათ ტრადიციული ისლამის მიმდევრები და ჩვენ _ ვაჰაბიტები? რა თქმა უნდა, თქვენც ასეთი ისლამი მოგწონთ, იმიტომ, რომ ასეთ ხალხთან უფრო გიადვილდებათ ურთიერთობა. ჩვენ ჩვეულებრივი ხალხი ვართ, არავისზე ნაკლებად არ გვიყვარს საქართველო.