“წელს დაახლოებით 70 პაციენტი უკვე მივიღეთ მზისგან გამოწვეული დამწვრობით, აქედან, სამწუხაროდ, 15 ბავშვია,” -ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ გადაცემაში “შუა დღე” განაცხადა.
“ბუნებრივია, ბავშვები რუჯის მისაღებად არ იყვნენ და თამაშობდნენ, მაგრამ სამწუხაროა, როცა 9-10 წლის ბავშვი ისე დაიწვება, რომ დამწვრობის ცენტრის სტაციონარში მოთავსება დასჭირდება და მკურნალობა ჩაუტარდება.
11-იდან 5 საათამდე არ არის რეკომენდებული მზეზე ყოფნა. თუ მაინც მოგვიწია ამ პერიოდში გარეთ გასვლა, უნდა ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემები. გარდა ამისა, აუცილებელია ქუდი, რომელიც უმჯობესია იყოს ღია ფერის და თხელი, რომ ჰაერი გაატაროს და ასევე, სათვალე”,_ განაცხადა ქაშიბაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით თავს უნდა მოუფრთხილდნენ მოხუცები, ბავშვები და ის ადამიანები, ვისაც სხვადასხვა დაავადება აწუხებს და მზის მიმართ მგრძნობიარეები არიან.