ამ დროისთვის ელექტრონულ კონკურსში 96 კონკურსანტი მონაწილეობს. კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა არ გამორიცხავს, რომ ერთ საათში მონაცემები შეიცვალოს. დღეს გამგებლის თანამდებობისთვის ბრძოლის მარათონში ლანჩხუთელებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსი რომან ბიწაძე ჩაერთო _ დღემდე ბატონი რომანი არ ადასტურებდა, რომ გამგებლობისთვის იბრძოლებდა.
გარდა ბიწაძისა, კონკურსში მონაწილეობს ზაზა ურუშაძე, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატის უპირობო მხარდაჭერა აქვს. ზაზა ურუშაძე “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს და საკუთარ გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.
კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატი გელა პატეიშვილი, რომელზეც ადგილობრივი მედიაც წერდა, ამ დროისთვის კონკურსში არ მონაწილეობს. კოალიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გელა პატეიშვილმა კომისიისადმი უნდობლობის გამო, უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კონკურსი შეწყდება, კომისია შეიკრიბება და ყველა კანდიდატის მონაცემების შესწავლას დაიწყებს: “ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ერთ დღეში ვერ დავამთავრებთ. ვალდებული ვართ, ყველა კანდიდატის საქმე შევისწავლოთ, რომელთაც საბუთები წესრიგში ექნებათ. ამის შემდეგ გადავალთ მეორე ეტაპზე. დარჩენილ მონაწილეებს შესავსებად დაურიგდებათ კომისიის მიერ შემუშავებული ფორმები, რასაც “კონკურსანტის ფურცლის ფორმა“ ჰქვია. ამის შემდეგ დაინიშნება დარჩენილ კონკურსანტებთან გასაუბრება და ერთი კანდიდატი შეირჩევა კომისიის მიერ,” _ განმარტავს კომისიის თავმჯდომარე.