კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია შუამავლის როლს ასრულებდა კომპანია “ინტერ რაოეს”-ის მიერ დაფუძნებულ ოთხ კომპანიასა და ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს შორის. 1 მილიონი დოლარი, რომელიც გვარამიას მეგობრის, გიორგი ნემსიწვერიძის კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა, 30 აგვისტოს ნაღდი ფულის სახით მიიტანეს გვარამიას სახლში. მივიდა თუ არა ფული ხეთაგურამდე, ამის შესახებ კბილაშვილმა არაფერი იცის, თუმცა, მისი აზრით, სამართლისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
“ქრთამის გაცემა ემსახურებოდა იმას, რომ ზემოთ ხსენებულ ოთხ კომპანიას შენარჩუნებოდა მუშაობისთვის ნორმალური ატმოსფერო და არ მომხდარიყო მათზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების დარიცხვა. 6 წლის განმავლობაში, თელასი საგადასახადო ორგანოების მიერ შემოწმებული არ ყოფილა და დიდი ალბათობით, ეს იგეგმებოდა. 2012 წლის იანვარში, პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა თელასის ლოჯისტიკის 5 თანამშრომელი, რომლებთანაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება 5 მილიონ ლარზე. ეს ფული თელასმა გადაიხადა და დიდი ალბათობით ამ საქმის მერე, მოსალოდნელი იყო საგადასახადო ორგანოების მხრიდან კომპანიის შემოწმება. დევი კანდელაკი, რომელიც იყო ამ ოთხი კომპანიის ხელმძღვანელი, საქმეს ენერგეტიკის მინისტრთან აგვარებს. ალექსანდრე ხეთაგურმა კანდელაკი ნიკა გვარამიასთან გადაამისამართა. ამ დროისთვის 1 მილიონი დოლარის გადახდა უკვე გადაწყვეტილი იყო და იმისთვის, რომ ოპერაციას ლეგალური სახე მისცემოდა, ჩარიცხვამდე ერთი თვით ადრე, გვარამიას მეგობარმა, სასამართლოს მანდატურმა დაარეგისტრირა კომპანია, რომელსაც საკონსულტაციო მომსახურების არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა”.
უფრო მეტიც კბილაშვილის თქმით, “კანდელაკმა მილიონი ჩაურიცხა იმ კომპანიას, რომლის დირექტორსაც საერთოდ არ იცნობდა. სამაგიეროდ, ნემსიწვერიძეც და კანდელაკიც კარგად იცნობდნენ გვარამიას. იმის გამო, რომ ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ საჭირო იყო თელასისთვის გარკვეული მომსახურების გაწევა, რასაც ნემსიწვერიძის კომპანია ვერ შეძლებდა, საქმეში ჩაერთო სხვა აუდიტორული კომპანია, რომელმაც ნემსიწვერიძის ფირმასთან ქვეკონტრაქტი გააფორმა.
პროდუქტი, რომელიც ამ აუდიტორულმა კომპანიამ წარუდგინა თელასს, გახლდათ ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი აუდიტორული დასკვნა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, თელასმა 83 ათას დოლარად დაუკვეთა “ფრაის უოთერ ჰაუს კუპერსს”.
1 მილიონი დოლარი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაირიცხა, 4 მოწმე ადასტურებს, რომ ფული ნიკა გვარამიას სახლში მიიტანეს”.
რაც შეეხება ხეთაგურის ბრალეულობას, კბილაშვილის თქმით, “მილიონის ჩარიცხვის საკითხი მასთან გადაწყდა და როგორც კი ეს თანხა ჩაირიცხა, ხეთაგურის დანაშაული დასრულებულად ჩაითვალა.”
კბილაშვილის თქმით, “პროკურატურა მზად არის გაასაჯაროოს ცხრატომიანი საქმე, რომლის გამოძიებასაც პროკურატურამ ზუსტად თვენახევარი მოანდომა”.































































