პენსიების ზრდაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა.
პენსიების ზრდის მომდევნო ეტაპი 2013 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება. შემოდგომის პირველივე თვეს, ასაკით პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია დღევანდელ საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, ანუ 150 ლარი გახდება. პენსიის სახით 100 ლარს მიიღებენ მეორე ჯგუფის ინვალიდები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პირველი აპრილიდან აღმოიფხვრება ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი მოქალაქეების პენსიებთან დაკავშირებული უსამართლობა და მოხდება მათი გადაანგარიშება. განახლდება 2007 წელს გაუქმებული ე.წ. რეგრესული პენსიები.
2013 წელს პენსიების ზრდის შედეგად ხელისუფლება დამატებით 220 მლნ-მდე ლარს დახარჯავს.
საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდა.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 748.5 მლნ ლარია.
დამტკიცებული ბიუჯეტით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 535 მლნ ლარამდე იზრდება. ჯამში, უწყების ფინანსური რესურსი 2 მილიარდ 345 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 26.8%-ია.