2014 წლის დასაწყისში კი, პედაგოგები 2013 წლის მეცამეტე ხელფასს აიღებენ. 150-დან 500 ლარამდე ანაზღაურების მქონე პედაგოგებს, მეცამეტე ხელფასის, სახით ანგარიშზე 360 ლარი ჩაერიცხებათ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება, შარშანდელთან შედარებით, 61 700 მლნ ლარით გაიზარდა. უწყების 2013 წლის ბიუჯეტი 670 000 მლნ ლარია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს ახალი წლისთვის ფინანსურად წაახალისებს. მინისტრის მოადგილის თამარ სანიკიძის განცხადებით, “მიმდინარე წელს ბიუჯეტის შიდა რესურსის მობილიზებით 7,5 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა. ამ თანხიდან 2,4 მლნ ლარამდე წელს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტთა 2012-2013 სასწავლო წლის საფასურის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყო. დარჩენილი 5 მლნ-მდე ლარით საახალწლოდ საჯარო სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მატერიალური წახალისება მოხდება. ისინი დამატებით 60-65 ლარს მიიღებენ,” – ამბობს თამარ სანიკიძე.
პედაგოგების ხელფასის გაზრდის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსები 2013 წლის პირვანდელ ბიუჯეტში ჰქონდა გაზრდილი. თანხის კორექტირება მოხდა. პედაგოგთა ანაზღაურების მოსამატებლად უწყების მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
სამინისტროს ბიუჯეტში 2.6 მლნ ლარი გათვალისწინებულია იმ საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებათ.