სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას მერე გააჟღერა, რაც მედიამ მათ მიერ 30-მდე ძვირადღირებული ჯიპის და 10 მსუბუქი ავტომანქანის შეძენა გაახმაურა. საზოგადოების შეკითხვას, რატომ დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი, მაშინ როდესაც შს სამინისტროს ისედაც თავზე საყრელად ჰყავს მანქანები, დღეს გაეცა პასუხი: “ჩვენ შევიძინეთ მაღალი გამავლობის ტოიოტას მარკის ათი მსუბუქი ავტომანქანა, ძირითადად, რეგიონებისთვის. ხოლო აქ წარმოდგენილი მანქანები საკმაოდ ძვირი ღირს და რეგიონებში გამოუსადეგარია,” _ აცხადებს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.
შს სამინისტრომ გასაყიდად გამზადებული მანქანები სამინისტროს შენობის წინ დილიდან გამოფინა _ Range Rover, Range Rover Vogue, MERCEDES S class, ML, BMW X6, X5, M5, ასევე შევროლეტი და ათეულობით ჯიპი, რომლებიც არც ფასით და არც კლასით ღარიბაშვილის მიერ შეძენილ ჯიპებს არ ჩამოუვარდება.
ნინო გიორგობიანი შევროლეტზე, მის ფასსა და გაურკვეველ დანიშნულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამით ის ცდილობს ხაზი გაუსვას წინა ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის არამიზნობრიობას
შს სამინისტროს ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მანუჩარ ქათამაძის თქმით, გადაწყვეტილია 50 მანქანის აუქციონის წესით გაყიდვა. ის ამტკიცებს, რომ ამ მანქანების შენახვა სამინისტროს წელიწადში მილიონ ლარზე მეტი უჯდებოდა.
სამინისტრო მანქანების რეალიზაციიდან 3 მილიონ ლარზე მეტის მიღებას ვარაუდობს. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი დარწმუნებულია, რომ მანქანებს აუცილებლად გამოუჩნდება მყიდველი: “შეხედეთ, რა მანქანებია! გამორიცხულია, არ გაიყიდოს!” _ ამბობს ის “გურია ნიუსთან”.