საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმებისას, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა. სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა.
ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად, პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, შესაბამისი ხელშეკრულებებით, დაიქირავა ეგრეთწოდებული “ყვითელი მიკრო ავტობუსები”-ს კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური _ 39900 ლარი.
რადგან მიკრო ავტობუსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების “შავი არხით” დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის – ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. ქობალიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განკუთვნილი დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები – გადაუნაწილა 393 მიკრო ავტობუსის მძღოლს.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა”- მ ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით, გააყალბა ანგარიშგების დოკუმენტები და მიუთითა, თითქოსდა, აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გამოძიებისას გამოიკვეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტიც. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები – 120 000 ლარი ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას.
შესაბამისად, სათანადო მასალები გადაეზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შემდგომი რეაგირებისათვის.