ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა მოკლედ მიმოიხილა საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობის განვლილი 2012 წლის პერიოდი. მან ხაზი გაუსვა იმ დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც მუშაობის პროცესში გამოიხატა და განაცხადა, რომ ზოგადი სამუშაო გეგმის არქონამ გარკვეულწილად დააზარალა დარბაზის მუშაობა. მანვე აღნიშნა “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ინიციატივა, მსგავსი გეგმის წარმოდგენის შესახებ. ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან ხინთიბიძემ წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული “საზოგადოებრივი დარბაზის” თორმეტთვიანი სამუშაო გეგმის პროექტი, რომელსაც დარბაზის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე ალეკო მამეშვილმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი დარბაზის გასვლით სხდომებზე, მაგალითად, საკრებულოს შენობის გარეთ რომელიმე სხვა წევრის ოფისში, ან რომელიმე სოფელში, ეს უფრო ამ დარბაზის პოპულარიზების მიზნით.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია _ გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად ერაძემ მოკლედ წარმოადგინა მათი ახალი დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ეხება პრობაციონერების რესოციალიზაციას და რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.