წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა და სიტყვით მიმართა:
_ „დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში სამსახური, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტია. ჩემი, როგორც სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა, სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო პირობების შექმნაა. მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, რომ თქვენში აღზარდა მებრძოლი სული, პატრიოტიზმი და ქვეყნის მიმართ სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, ბევრ თქვენგანს ექნება სურვილი სამხედრო კარიერა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში განაგრძოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენთვის სამშობლო უპირველესია”, _ აღნიშნა ალასანიამ.
საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. ფიცის მიღების შემდეგ, წვევამდელები კაპელანმა მამა იოსებმა დალოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო მომზადების საწყისი კურსი გაიარეს. მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. კურსის განმავლობაში, მომავალმა სამხედროებმა საერთო საჯარისო წესდება, ფიზიკური, სამწყობრო და საცეცხლე მომზადება გაიარეს. ისინი დღეიდან II ქვეით ბრიგადაში იმსახურებენ.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, II ქვეითი ბრიგადის ბაზა დაათვალიერა და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, 2013 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბაზების ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება.