(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთს მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა სტუმრობდა. მან შეხვედრა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის აქტივისტებთან გამართა:
_ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სააკაშვილის კორუმპირებულმა მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 1 წლის განმავლობაში პენსიები 100 დოლარს მიაღწევდა. თუმცა, რეალურად პენსიები გაიზარდა მხოლოდ თბილისში და ისიც 10 ლარით. ბოლო პერიოდში ინფლაციის და სხვადასხვა კორუფციული მაქინაციების შედეგად, ისედაც მიზერული პენსიის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდა, რომ არაფერი ვთქვათ “ლიბერთი ბანკის” მიერ გატარებულ მძარცველურ საკრედიტო პოლიტიკაზე _ როცა პენსიონერი საპენსიო სესხს იღებს, მას საკმაო ოდენობის თანხას უქვითავენ. ამის წინააღმდეგაც უნდა ამოვიღოთ ხმა. როგორც ჩანს, ლადო გურგენიძეს თავი კვლავ პრემიერ-მინისტრი ჰგონია და თავის ნებაზე განაგებს ხალხის გაყვლეფის პოლიტიკას.
კუკავამ პრემიების თემაზეც ისაუბრა: _ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრემიის სახით თავისთვის 200 ათასი ლარი გამოუწერია, ასე მომხდარა რკინიგზის 4 მაღალჩინოსნის მაგალითზეც. ამდენი დიდი სოფლების ბიუჯეტიც არ არის.
ახლა გაიძახიან, რომ 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს ვარიგებთო. ეს ხალხის აბუჩად აგდებაა _ 30 ლარი იმდენად მიზერული თანხაა, რომ მისი ერთჯერადად გაცემა ადამიანის ყოფას არაფრით ცვლის. ხელისუფლება კი ამით ისეთ პიარს იკეთებს, რომ თითქოს ხალხზე ზრუნავს.
დღეს თბილისში პროტესტის საკმაოდ დიდი მუხტია. თუ ხალხის ერთიანობა იქნება, შედეგიც გამოჩნდება _ მივიღებთ ტუნისს და ეგვიპტეს. ამ გაზაფხულზე, ალბათ, ბევრი რამ გაირკვევა. დედაქალაქში ერთი ხელის მოსმით 15 ათასი ადამიანი დატოვეს უმუშევარი _ საუბარი მაქვს “მარშუტკების” მძღოლებზე. ამან საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია. თუმცა, აქაც ჩვეული ხერხი გამოიყენა ხელისუფლებამ _ რამდენიმე მძღოლი დააპატიმრა და ამით თითქოს მიზანს მიაღწიეს, მაგრამ დამერწმუნეთ, პროტესტის ტალღა დაძრულია და მისი შეჩერება ხელისუფლებას დიდად გაუჭირდება.
იყო საუბარი იმაზეც, რომ საარჩევნო გარემო შეიცვლებოდა და ამით მოხდებოდა ხელისუფლების ჩანაცვლება, მაგრამ 8 პოლიტიკური პარტია აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებას უმრავლესობასთან და არაფერი შეცვლილა. საზოგადოება ამ მოლაპარაკებებით დაიღალა. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. საზოგადოებაში პროტესტის დიდი დოზაა თავმოყრილი და მას რეალური შედეგიც უნდა მოყვეს.
დასასრულს, კუკავამ გურულებს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ “თუ ერთად ვიქნებით, ვერც ვერავინ გამოწერს ზედმეტად პრემიებს, ვერც ვერავის გამოასახლებენ სახლიდან და ვერც ვერავინ იქნება 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის იმედად”.
კახა კუკავას მასპინძლობას მისივე თანამებრძოლი, გურულ “კონსერვატორთა” ლიდერი მაკა კვირკველია უწევდა; მოძრაობის ოფისი ქალაქის ცენტრში, ყოფილი “ოჯახის აფთიაქის” შენობაშია განთავსებული.